ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასა და პაულო დიბალას შორის დაძაბული ურთიერთობაა. მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას უკვე დიდი ხანია ვერ ახერხებენ.
დიბალას ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება, მაგრამ ბოლო პერიოდში კლუბის გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ არგენტინელი გააკრიტიკა, რასაც ფეხბურთელმა პასუხი საინტერესოდ გასცა. „უდინეზესთან“ მატჩში (2:0) დიბალამ ანგარიში გახსნა და გოლი არ აღნიშნა - ტრიბუნებისკენ მზერა დაიწყო და ნათელია, რომ იქ „იუვეს“ მენეჯერებს უყურებდა, რითაც მიანიშნა, რომ მას დასამტკიცებელი არაფერი აქვს.
მატჩის შემდეგ დიბალამ თქვა, რომ არ იცის, შესთავაზებენ თუ არა მას კონტრაქტის განახლებას, გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა:
“ვის ვუყურებდი ტრიბუნაზე? მეგობარი დავპატიჟე და ვერ ვიპოვე, ბევრი ხალხი იყო (თამაშს სულ 5 ათასი მაყურებელი დაესწრო - რედ). დამიჯერებთ? არ ვიცი, თქვენზეა დამოკიდებული. ახალ კონტრაქტზე სიახლეებს უნდა ველოდო თუ არა, არ ვიცი. ბევრი სიახლე იყო და ბევრი რამ მოხდა, რაზეც მირჩევნია არ ვისაუბრო. არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. კლუბმა გადაწყვიტა, რომ თებერვალ-მარტში ისაუბრებენ, არ ვიცი, უნდა დაველოდოთ. მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და ვაკეთებ იმას, რასაც გუნდი მთხოვს“, - თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსმა“ 2015 წელს „პალერმოდან“ 38 მილიონ ევროდ დაიმატა. მას შემდეგ არგენტინელმა თავდამსხმელმა შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 275 შეხვედრაში 110 გოლი გაიტანა.