ოლიმპიურმა ჩემპიონმა დაშვებაში, იტალიელმა სოფია გოჯამ, ავსტრიის ზაუხენსეეს დაშვების რბოლაში მონაწილეობისას, შეცდომა დაუშვა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამდენად, ზედიზედ მერვე დაშვების მოგება ვეღარ შეძლო. თუმცა ისედაც რეკორდული სერია ჰქონდა - უკვე 40 წელია, ზედიზედ შვიდი დაშვება მსოფლიო თასზე არავის მოუგია.
ტრასის ორი მესამედი მან საუკეთესო დროით განვლო, მაგრამ შემდეგ გზას ასცდა და რბოლა დამცავ ბადში დაასრულა. ბადის გარდა, ის ტრავმებისგან, კომბინეზონის შიგნით მოთავსებულმა გასაბერმ ბალიშმაც გადაარჩინა. გოჯა თავადვე წამოდგა და ტრასას უსაფრთხო ზონაში გაეცალა.
გამარჯვება კი შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ (ფოტოებზე) მოიპოვა, ვინც უკან გერმანელი კირა ვაიდლე ჩამოიტოვა. მესამე ადგილი კი ავსტრიელმა რამონა ზიბენჰოფერმა დაიკავა.
გოჯამ გასულ სეზონში, დაშვების ზედიზედ ოთხი რბოლა მოიგო, მაგრამ იანვრის ბოლოს დაეცა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. მაგრამ ამ სეზონში დაბრუნებულმა, პირველი სამი რბოლა მოიგო. ამაზე მეტი ზედზედ მოგება ორჯერ ჰქონდა ლეგენდარულ ავსტრიელ ანემარი მოზერ-პრიოლს, ვინც 1970-იან წლებში, ზედზედ 8 და 11 დაშვების მოგება შეძლო. ასევე ავსტრიელს, ფრანც კლამერს, 1970-იანებში ორი ცხრამოგებიანი სერია ჰქონდა.