ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა კრის ევერტმა გამოაცხადა, რომ საკვერცხის პირველი სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისივე თქმით, დაავადება მას შემდეგ აღმოუჩინეს, რაც პრევენციული ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) გაიკეთა.
„მინდა, ჩემი დაავადების ისტორია გამოვაქვეყნო, რათა მორალურად დავეხმარო მათ, ვისაც თანადგომა ესაჭიროება. ვგრძნობ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ის ადრეულ ეტაპზე აღმომიჩინეს და იმედი მაქვს, რომ ქიმიო თერაპიის წარმატებულ კურსს გავივლი“, - განაცხადა 67 წლის ვარსკვლავმა.
ოპერაცია ორ ეტაპად ჩატარდა. მეორე ოპერაციის დროს, ევერტს სიმსივნე ამოაჭრეს და შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი გავრცელება არ დაწყებულა. ქიმიო თერაპიის შემდეგ, მისმა ექიმმა განაცხადა, რომ იმის შანსი, რომ მის პაციენტს სიმსივნე აღარ დაუბრუნდება, 90 პროცენტზე მეტია.
ევერტის უმცროსი და, ასევე ყოფილი ჩოგბურთელი, ჯენი ევერტ დუბინი, 2020 წელს, საკვერცხის კიბოთი, 62 წლისა გარდაიცვალა. ოღონდ, მას დაავადება გვიან აღმოუჩინეს.
„როდესაც ქიმიო თერაპიაზე წავალ, ის ჩემი შთაგონების წყარო იქნება. მე მასზე ვიფიქრებ და ის ამ ყველაფრის დაძლევაში დამეხმარება“, - ამბობს ევერტი, ვისაც ერთეულებში დიდი სლემის ტურნირების 18 ტიტული აქვს მოპოვებული. ის ამჟამად იესპიენის საჩოგბურთო რეპორტაჟებში მონაწილეობს.
კრის ევერტი თავის ფანებს დაპირდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის დროს, ის პერიოდულად მონაწილეობას მიიღებს მიმოხილვებში.