სხვა

12:56 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე (+VIDEO)

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსის მოპოვებას ცდილობს და დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა წლის პირველ სუპერტურნირზე მე-7 ორთაბრძოლა ჩაატარა და ოჰოსთან განცდილი მარცხის შემდებ, ამჯერად თავად იმარჯვა.

ლევანი მე-10 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და მეტოქეს იორიტაოშის ილეთით აჯობა. აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე მათგანი თითქმის თანაბარი ძალებით იბრძოდა, თუმცა ტოჩიმ მეტოქისთვის მავაშში ხელის ჩავლება მოახერხა, ორჯერ მისი ჰაერში წამოწევა და დოჰიოსკენ გაწევა სცადა და კუთხეში მიყვანისას, ორივე მათგანი საზღვრებს მიღმა გადაეშვა. პირველი წამგებიან პოზიციაში 35 წლის იაპონელი აღმოჩნდა და ჩვენებურმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს მიოგირიუსთან ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვს. წყვილი ერთმანეთს 29-ჯერ შეხვდა, რომელთაგანაც 13 გორგაძემ მოიგო, ხოლო 16-ჯერ დამარცხდა.

ტოჩის იანვრის ბაშოზე 3 გამარჯვების წილ 4 წაგება აქვს და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 8 ორთაბრძოლიდან, მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ მან ზედიზედ 5 ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, დიდი საფრთხეა იმისა, რომ იგივე შედეგის შემთხვევაში ქვედა დივიზიონში დაქვეითდეს.

ხვალ ქართველი გოლიათის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება, რომელსაც აქამდე 6-ჯერ შეხვედრია და 2:4-ზე ბალანსი აქვს.

0.125182