საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ბოსნიას, ხოლო 29 მარტს ალბანეთს დაუპირისპირდება.
ორივე მატჩს ქართველები სტუმრად ჩაატარებენ, მაგრამ კონკრეტული ქალაქები, სადაც მატჩები შედგება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
საქართველოს ნაკრებს ალბანეთის წინააღმდეგ დღემდე 13-ჯერ უთამაშია და დადებითი ბალანსი აქვს: 7 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება. ბოსნიის ნაკრებთან კი საქართველოს არ უთამაშია და ისტორიაში პირველად 25 მარტს შეხვდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა განმარტა, რატომ შეჩერდა არჩევანი ბოსნიისა და ალბანეთის ნაკრებებზე:
„მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“, - ციტირებს იაშვილის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ივნისში ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება, რომელშიც მისი მეტოქეები ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებები იქნებიან.