ბლოგი

12:09 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ვიქტორ სანეევი წავიდა!

ქართული სპორტის მოყვარულებს გასული კვირის პოსტსაახალწლო საზეიმო განწყობა დიდი გულისტკივილით შეეცვალათ. 2022 წლის 3 იანვარს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ადამიანი, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მძლეოსანი და საუკუნის სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი.

თუკი ვინმეს ჭეშმარიტი ლეგენდა შეიძლება ეწოდოს, ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ ვიქტორ სანეევია, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე შეძლო ოქროს მედლის მოპოვება (ამას დამატებული ვერცხლის მედალი მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე) და მიუხედავად იმისა, რომ სანეევის ტრიუმფალური გამოსვლებიდან ათწლეულები გავიდა, მძლეოსნობაში მსგავსი მიღწევა ჯერ არავის ჰქონია. არადა, სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებულად სწრაფად ვითარდება და მისთვის არც რეკორდმრავლობაა უცხო.

ვიქტორ სანეევს იცნობდნენ და პატივს სცემდნენ მთელს მსოფლიოში და ეს პატივისცემა იყო ნამდვილი, გულრწფელი და დამსახურებული. ავსტრალიაში საცხოვრებლად წასვლის შემდეგ, დასავლური სპორტული პრესა ლამის ყველა ზაფხულის ოლიმპიადაზე სწორედ სანეევს აფასებინებდა კონკრეტული მძლეოსნების შესაძლებლობებს, შანსებს და მის აზრს მუდამ ითვალისწინებდნენ. არასოდეს დამავიწყდება, 2004 წლის ოლიმპიადაზე სპორტულ არხ „იესპიენზე“ წამყვანის მიერ ვიქტორს სანეევის წარდგენა. მან სანეევი ხალხს წარუდგინა, როგორც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მძლეოსანი პატარა ქვეყნიდან, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი შტატის - ჯორჯიის სახელს ატარებდა. ვიქტორმა პირველივე კომენტარში შეუსწორა ჟურნალისტს წარდგენა და განმარტა, რომ მისი სამშობლო უძველესი ქვეყანა იყო და საქართველო არ ატარებდა ჯორჯიის შტატის სახელს, იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველო ჯორჯიის შტატზე მინიმუმ 3 ათასი წლით ძველი იყო. ეს სულ მცირე დეტალიც კი ნათელყოფს ვიქტორ სანეევის დამოკიდებულებას საქართველოსდამი და ჩვენი ქვეყნისადმი მის უსაზღვრო ერთგულებასაც აჩვენებს.

სოხუმში დაბადებული ვიქტორ სანეევი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ქალაქისა. აფხაზეთის ომის დასასრულს, სეპარატისტული დაჯგუფებების მიერ სოხუმის დაკავების შემდეგ, სანეევმა მრავალათასი თანაქალაქელის მსგავსად თბილისში დევნილობა და დევნილის რთული ცხოვრება არჩია სეპარატისტებთან თანამშრომლობას, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ეთნიკურად რუსი ვიქტორ სანეევი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში საქართველოს ნამდვილი შვილი და ქართველი კაცი იყო, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიოში მრავალგზის გაუთქვა სახელი.

ბოლო დროს ქართული მძლეოსნობა, რბილად რომ ვთქვათ, ვერაა მოწოდების სიმაღლეზე, რაც განსაკუთრებით გულსატკენია. სპორტის სახეობა, სადაც ვიქტორ სანეევმა სასწაულები აკეთა, ნამდვილად მეტ ყურადღებას და დაფასებას იმსახურებს. სანეევის ხსოვნის და მისი ღვაწლის პატივისცემის საუკეთესო გზა დითირამბების წერის ნაცვლად სწორედ ქართული მძლეოსნობის განვითარება და ძველ სიმაღლეებზე აყვანაა. ხალხს კი დიდი ვიქტორ სანეევი ისედაც არასოდეს დაავიწყდება!

0.157913