სლოვენიის კრანისკა გორაში გამართული გიგანტური სლალომის რბოლა, შვედმა ვეტერანმა სარა ჰექტორმა მოიგო. მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის ლიდერი და ამავე სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი მიკაელა შიფრინი კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა და ოლიმპიადამდე ერთი ეტაპით (გიგანტური სლალომის) ადრე, ლიდერობაც ხელიდან გაუშვა.
ჰექტორისთვის ეს ბოლო სამ რბოლაში მეორე გამარჯვებაა. არადა, წინა გამარჯვებამდე, შვიდი წელი მსოფლიო თასზე მოგება არ ჰქონდა. ამ მოგებით, 29 წლის შვედმა გიგანტურ სლალომში ლიდერობა გადაიბარა. ამგვარად, ის პეკინში ფავორიტებს შორის იქნება.
შიფრინი პირველი ცდის შემდეგ მე-14 ადგილზე იყო. მეორეზე კი უშეცდომოდ ისრიალა და შვიდი პოზიციით წინ გადაინაცვლა. შიფრინთან ერთად, კრანისკას რბოლა წარუმატებელი გამოდგა მისი ორი თანაგუნდელისთვის - პაულა მოლტცანისთვს და ნინა ო’ბრაიენისთვის. პირველმა მეორე ცდაზე შეცდომა დაუშვა და დაეცა. მეორემ კი პირველი ცდის შემდეგ კვალიფიცირება ვერ შეძლო. თუმცა ამის მიუხედავად, ორივეს ამერიკის ოლიმპიურ გუნდში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.
მოლტცანი 27 წლისაა და მას შანსი აქვს, ბოლო 70 წელიწადში გახდეს ყველაზე ხნიერი ამერიკელი ქალი მოთხილამურე, ვინც ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზებს. მსოფლიო თასის რბოლის კვარცხლბეკზე ასვლა მან კარიერაში პირველად, გასულ სეზონში შეძლო.
რაც შეეხება 24 წლის ო’ბრაიენს, შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, ის გიგანტური სლალომის პირველი ცდის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, მაგრამ მეორე ცდაზე შეცდა და საბოლოოდ, მეათე ადგილს დასჯერდა.