სხვა

0:54 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ოდერმატმა ადელბოდენის საშინაო ეტაპი მოიგო

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიის ადელბოდენში, შვეიცარიელი სამთო მოთხილამურე მამაკაცები, მსოფლიო თასის ეტაპების მოგებას ვერ ახერხებდნენ. დღეს შვეიცარიელთათვის ეს არასასიამოვნო ტრადიცია მარკო ოდერმატმა დაარღვია.

გიგანტური სლალომის პირველივე ცდაზე მან საუკეთესო დრო დააფიქსირა. მეორეზე კი, ტრასის ბოლოს დაშვებული შეცდომის მიუხედავად, ლიდერობა შეინარჩუნა და 13 000 მაყურებელს დიდი სიხარული აჩუქა. მას 0.48 წამით ჩამორჩა ავსტრიელი მანუელ ფელერი, ვისაც მეორე ცდაზე საუკეთესო დრო ჰქონდა. მესამეზე კი ფრანგი ალექსის პინტურო გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.54 წამით ჩამორჩა.

ეს ოდერმატის მიერ ამ სეზონში მოგებული მეოთხე გიგანტური სლალომია. და ალბათ ყველაზე გამორჩეული გამარჯვებაა. აქამდ ბოლო შვეიცარიელი, ვისაც ადელბოდენში რბოლა ჰქონდა მოგებული, იყო მარკ ბერთო, ვინც 2007 წელს სლალომი მოიგო.

„ძალიან მინდოდა დღეს გამარჯვება და ყველა შვეიცარიელისთვის შოუს მოწყობა. ძალიან ვნერვიულობდი. და ვამაყობ იმით, რომ აქ ორი ასეთი კარგი ცდა შევასრულე“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც არის სულ მეხუთე მამაკაცი მოთხილამურე, რომლებსაც სეზონის პირველი ხუთი გიგანტური სლალომიდან, ოთხი აქვს მოგებული. პირველი ოთხია: ფრანგი ჟან-კლოდ კილი, შვედი ინგემარ სტენმარკი, ამერიკელი ტედ ლიჯეტი და ავსტრიელი მარსელ ჰირშერი.

0.142218