ნოვაკ ჯოკოვიჩს შესაძლოა ავსტრალიაში შესვლა სამი წლით აეკრძალოს. მსოფლიოს პირველი ჩოგანი მელბურნის აეროპორტში გააჩერეს და ქვეყანაში არ შეუშვეს, რისი მიზეზიც აუცრელობაა.
ნოლემ ავსტრალიის ღია პირველობის ხელმძღვანელებისგან სამედიცინო გამონაკლისის სახით ტურნირზე თამაშის უფლება მიიღო, მაგრამ მესაზღვრეებმა ის ქვეყანაში არ შეუშვეს, რადგან აცრილი არ არის და ვიზა გააუქმეს. სერბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ის დაკმაყოფილდეს. ჯერჯერობით, ისევ საზღვარზე, თვითიზოლაციაში რჩება და თუ საბოლოოდ უკან გააბრუნებენ, შესაძლოა, ავსტრალიის საზღვარი მომდევნო 3 წელი ვეღარ გადაკვეთოს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ჯოკოვიჩს დიდი სლემის 20 ტურნირი აქვს მოგებული და ავსტრალიის ღია პირველობა მისი საყვარელი ტურნირია, მაგრამ როგორც ჩანს, ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას ამჯერად ვერ მოახერხებს.