ფეხბურთი

18:03 | 6.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლის" ახალი მფლობელების პირველი შენაძენი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალი მფლობელების პირველი შენაძენი კირან ტრიპიერი იქნება. ინგლისელი ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.

ტრიპიერი უკვე ინგლიში ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ატლეტიკო“ ინგლისელი მცველის სანაცვლოდ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი ევრო დაემატება. ტრანსფერი რომ გადაწყვეტილია, „როხიბლანკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემაც დაადასტურა:

„ტრიპიერის მადლობელი ვარ იმ დროისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარა. დროა, წინ ვიყუროთ და ალტერნატივები ვეძებოთ. კლუბმა იცის რა გვინდა, რას ვეძებთ და რა გვჭირდება“, - აღნიშნა არგენტინელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, 31 წლის ტრიპიერი „ატლეტიკოში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 83 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი ესპანეთის ჩემპიონი გახდა. მას ასევე უთამაშია „მანჩესტერ სიტიში“, „ბარნსლიში“, „ბარნლისა“ და „ტოტენჰემში“, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი, 35 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.116712