ფეხბურთი

15:28 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა: ფასი გაიზარდა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის ირაკლი აზაროვის ტრანსფერი „ტრაბზონსპორში“ ჩაშლის პირასაა. თურქული მედია აქტიურად წერს, რომ ყველაფერი ჩიხში შევიდა.

61saat.com-ის ინფორმაციით, „დინამო ბათუმმა“ ბოლო მომენტში სატრანსფერო ფასი გაზარდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ თურქები 19 წლის მცველში 1.8 მილიონ ევროს იხდიდნენ, საიდანაც 40% „დინამო თბილისს“ ერგებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ზღვისპირელებმა მეტი მოითხოვეს.

წყაროს თანახმად, 24 საათში ყველაფერი ჩაშლის დონემდე მივიდა თუ მხარეები ტრაბზონელთა წინადადებაზე არ დათანხმდებიან, მოლაპარაკებები, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ჩაიშლება და აზაროვი, რომელიც თურქეთშია, საქართველოში დაბრუნდება.

თურქული მედია იმასაც წერს, რომ ფეხბურთელის აგენტს (მამუკა ჯუღელს) ტრანსფერის რუსეთში განხორციელება უნდა, საიდანაც „კრასნოდარის“ ინტერესი არსებობს. გარდა ამისა, „ტრაბზონსპორის“ მთავარ მწვრთნელ აბდულა ავჩის აზაროვის ტრანსფერი სურს, მაგრამ თურქები შეთავაზებული თანხის გაზრდას არ აპირებენ. ამრიგად, ყველაფერი უახლოეს ხანში საბოლოოდ უნდა გადაწყდეს.

ირაკლი აზაროვმა გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატს პირველი წრის შემდეგ 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

0.127174