ავტოსპორტი

9:44 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა დაკარის მარათონის მეორე ეტაპი მოიგო და ლიდერს მიუახლოვდა

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა კლასიკურ რალიში, ფრანგმა სებასტიან ლოებმა დაკარის მეორე ეტაპი მოიგო და ლიდერთან, ყატარელ ნასერ ალ-ატიასთან ჩამორჩენა შეამცირა.

47 წლის ლოებმა „ტოიოტას“ მრბოლს სამი წუთით და 28 წამით აჯობა, რის შემდეგაც, მას ცხრა წუთზე ოდნავ მეტით ჩამორჩება. ალ-ატიამ პროლოგი და პირველი ეტაპი მოიგო და როგორც ლიდერმა, მეორე ეტაპი პირველმა დაიწყო, რამაც საქმე გაურთულა, რადგან მას „გზის მწმენდავის“ როლში ყოფნამ მოუწია.

„ნასერს გზის გაწმენდა უწევდა, მაგრამ მაინც ძალიან სწრაფი იყო. დაახლოებით 340 კილომეტრი, WRC-ს ტემპში გავიარეთ, რაც ნამდვილი სიგიჟე იყო. ბოლოს და ბოლოს, მე მას დავეწიე და დარჩენილი გზა უკან მივყევი“, - განაცხადა ლოებმა, ვისთვისაც ეს დაკარზე მოგებული მე-15 ეტაპია და პირველი 2019 წლის შემდეგ.

მოტოციკლების კლასში ლიდერი ბრიტანელი სემ სანდერლენდი გახდა. მის ავსტრალიელ თანაგუნდელ დანიელ სანდერსს, ვინც პირველი ეტაპის შემდეგ იყო ლიდერი, გზა აებნა და ფინიშს 23-მი მიაღწია. მოტოციკლების ჩათვლაში მან მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. ეტაპი კი ესპანელი ხოან ბარედას გამარჯვებით დასრულდა.

ეტაპი მესამე და მეოთხე ადგილებზე დაასრულეს „აუდის“ მრბოლებმა, კარლოს საინსმა და სტეფან პეტერანსელმა. ფრანგს მოგების შანსი პრაქტიკულად გადაწურული აქვს, რადგან პირველ ეტაპზე ის ლოდს დაეჯახა, რაზეც უკანა ხიდი და საკიდარი დაუზიანდა. ის ლიდერს თითქმის 24 საათით ჩამორჩება.

0.134916