სხვა

1:37 | 31.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

უსიკმა ჯოშუასთან შესაძლებლობის 60 პროცენტით იბრძოლა

ოლეკსანდრ უსიკის მენეჯერი სერგეი ლაპინი ირწმუნება, რომ ენტონი ჯოშუასთან შეხვედრაში, უკრაინელი მხოლოდ თავისი შესაძლებლობის 60 პროცენტით იბრძოდა. ამის მიუხედავად, ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ სტადიონზე მათი ბრძოლა უსიკის (19 მოგება, 0 წაგება) გამარჯვებით დასრულდა და მან ბრიტანელის მძიმე წონის ტიტულები (WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის) გადაიბარა.

ჯოშუამ რემატჩი მოითხოვა, რისი უფლებაც კონტრაქტით ჰქონდა. მას ტიტულების დაბრუნების შანსი სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიეცემა. ლაპინი ამბობს, რომ ჯოშუა ამ ბრძოლას საუკეთესო ფორმაში უნდა შეხვდეს, თუ სურს, რომ რამეს მიაღწიოს.

„ოლეკსანდრს 20 წელზე მეტია, ვიცნობ. მე კრივში მისი ყველა მიღწევის მომსწრე ვარ. ერთი რამ, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს ისაა, რომ მეტოქეზე ინფორმაციას სწრაფად აანალიზებს და უბადლოდ იყენებს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის სხვა პლანეტიდან არის მოსული. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი გამოცდილება აქვს დაგროვილი, მუდმივად ვითარდება და ყოველი ვარჯიშის შემდეგ, უკეთესი მოკრივე ხდება. ვიცი, მას რისი უნარი აქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ის უსიკი, ვინც ჯოშუას შეხვდა, თავისი პოტენციალის 60-70 პროცენტით იბრძოდა. ასე რომ, უსიკს შეუძლია, უკეთესიც იყოს“, - ამბობს მენეჯერი.

უსიკთან წაგება, ჯოშუასთვის მეორე იყო პროფესიონალურ რინგზე. 32 წლის ბრიტანელმა პირველი მარცხი 2019 წელს, ამერიკელი ენდი რუის უმცროსისგან იწვნია.

0.118403