ლონდონის „ჩელსიმ“ 2021 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა და გაირკვა, რომ კლუბმა 173.47 მილიონი ევროს ზარალი განიცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსის“ ფინანსური ზარალის მთავარი მიზეზი გულშემატკივრების გარეშე თამაში COVID-19-ის გამო (წლის პირველ ნახევარში) და ფეხბურთელების გაყიდვიდან მოგების შემცირებაა.
ლონდონური კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს Fordstam Limited-ი, რომელიც „ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის საკუთრებაშია.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „ჩელსი“ მეორე ადგილზეა 42 ქულით და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 8 ქულით ჩამორჩება.