სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

17:57 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტოსური ერთეულებში კარიერას ავსტრალიის ღია პირველობით დაასრულებს

ავსტრალიელი ჩოგბურთელი სამანტა სტოსური, ერთეულთა შორის თავის კარიერას, ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლის შემდეგ დაასრულებს. ამასთან, 37 წლის სტოსური 2022 წლის სეზონში, წყვილთა შორის თამაშს მაინც გააგრძელებს.

სტოსური მელბურნის დიდ ტურნირზე უაილდ ქარდით არის მიწვეული. მელბურნ პარკზე მისი უმაღლესი მიღწევა, მეოთხედფინალში თამაშია, რაც ორჯერ (2006 და 2010 წლებში) შეძლო. წელს ის ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოცედ ითამაშებს.

„ჩემთვის რეალურად ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ერთეულთა შორის გამოსვლებს, ჩემი ოჯახის, მეგობრების და ავსტრალიელი ფანების წინაშე დავასრულებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შერეულ ემოციებთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ სხვაგვარად არც მინდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარიერას ავსტრალიაში დავასრულებდი. ამასთან, სეზონის ბოლომდე წყვილებში გამოსვლას გავაგრძელებ“, - ამბობს სტოსური, ვისაც აშშ-ის ღია პირველობა აქვს მოგებული.

ტენის ავსტრალიას მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტოსურისთვის ეს დიდი სლემის ერთეულთა 69-ე ტურნირია. ავსტრალიელ ჩოგბურთელებს შორის ეს რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ქალთა შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასზე მეტჯერ დიდი სლემის ტურნირებზე მხოლოდ ხუთ ჩოგბურთელს აქვს ნათამაშები.

სტოსურმა აშშ-ის ღია პირველობა 2011 წელს მოიგო მას შემდეგ, რაც ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა. ერთი წლით ადრე კი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალს მიაღწია.

სტოსურს წყვილებში უფრო მეტი მიღწევა აქვს. ქალთა წყვილებში დიდი სლემის ტურნირების ტიტულს ოთხჯერ ფლობდა, სამჯერ კი ჩემპიონი შერეულ წყვილებში გახდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116362