ჩოგბურთი

10:17 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დომინიკ თიმი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ თიმმა გამოაცხადა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს. ის ამჟამად ფიზიკური ფორმის სრულად აღსადგენად ვარჯიშობს. მსოფლიოს ყოფილ მესამე ჩოგანს, მაჯის ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. თუმცა ტრავმა მოიშუშა და დასაბრუნებლად ემზადება.

28 წლის თიმმა ტრავმა მაიორკას ღია პირველობაზე (ივნისში) თამაშისას მიიღო და ამის გამო, აშშ-ის ღია პირველობაზე, წინა სეზონში მოპოვებული ტიტული ვერ დაიცვა.

„თავს ისევ კარგად ვგრძნობ, ჩემი მაჯა ოპტიმალურ მდგომარეობაშია. ახლა უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში, კარგი ინტენსივობით ვვარჯიშობ. მოკლე არდადეგების შემდეგ, მე და ჩემმა გუნდმა სიტუაცია შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩემს სატურნირო განრიგში გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა“, - ამბობს თიმი.

ავსტრიელმა ავსტრალიის შარშანდელ ღია პირველობაზე ფინალს მიაღწია, შემდეგ კი ფლეშინგ მედოუსზე, კარიერაში დიდი სლემის პირველი ტიტული მოიპოვა. მაგრამ ხანგრძლივი უქმეობის გამო, ამჟამად რეიტინგში მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მან გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მელბურნში ხუთსეტიან თამაშებს მოერიდება და ახალ სეზონს სამხრეთ ამერიკაში, კორდობას (არგენტინა) ღია პირველობაზე დაიწყებს.

„ავსტრალიელი ფანები მენატრებიან, მაგრამ აქ 2023 წელს დავბრუნდები. მჯერა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მინდა, რომ დაბრუნება უპრობლემო იყოს და არც ძალიან დავიტვირთო. ჯერჯერობით ავსტრიაში ვრჩები. მალე ღია მოედნებზე ვარჯიშს დავიწყებ და სეზონის პირველი ტურნირისთვის მოვემზადები“, - დასძენს თიმი.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

0.131455