ჩოგბურთი

1:26 | 26.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი სიდნეის ტურნირზე არ ითამაშებს

სერბულ გამოცემა „ბლიცის“ ინფორმაციით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ს სეზონის გახსნით ტურნირზე, რომელიც სიდნეიში ჩატარდება, არ ითამაშებს. ის სერბეთის ნაკრებშია შეყვანილი, რომელმაც ATP-ს თასზე უნდა ითამაშოს. მაგრამ ჯოკოვიჩი შეიძლება ავსტრალიაში საერთოდ არ ჩავიდეს.

საქმე რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიას და მასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებშია, რომლებიც ავსტრალიაში შემოიღეს. ამ ქვეყნის საზღვრის გადალახვის მსურველს, ორჯერადი აცრა გაკეთებული უნდა ჰქონდეს, ან ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

ჯოკოვიჩი ჯიუტად აცხადებს, რომ საჯაროდ არ აპირებს იმის გამოცხადებას, ვაქცინაცია გავლილი აქვს, თუ არა. მისი თქმით, ეს პირადი საქმეა და სხვას არ უნდა ეხებოდეს.

ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გამოსავალი ნახეს და ვიზიტორის შესაფასებლად, სამედიცინო კვლევა დააწესეს, რომელსაც ექსპერტების სამწევრიანი ჯგუფი ჩაატარებს. ამაზე ჯოკოვიჩს ჯერჯერობით პასუხი არ აქვს.

სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობა ცხრაჯერ აქვს მოგებული. დიდი სლემის ტურნირების ჩემპიონი კი სულ 20-ჯერ იყო.

სიდნეის ATP-ს თასი 1-9 იანვარს ჩატარდება, ავსტრალიის ღია პირველობა კი სტარტს 17 იანვარს აიღებს.

0.118858