სხვა

2:15 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელმა ველბროკმა 1 500 მეტრზე თავისუფალში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

გერმანელმა ფლორიან ველბროკმა, აბუ დაბიში მიმდინარე, მოკლე აუზის მსოფლიო ჩემპიონატზე, 1 500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. დისტანცია მან 14 წუთსა და 06.88 წამში გაცურა და წამზე მეტით გააუმჯობესა ძველი რეკორდი, რომელიც იტალიელ გრეგორიო პალტრინიერის ეკუთვნოდა.

„იმის გამო, რომ გრძელ დისტანციებზე ცურვას ვამჯობინებ, სეზონის დასაწყისში ვერც ვიფიქრებდი, რომ აქ მსოფლიო რეკორდს დავამყარებდი. სხვა თუ არაფერი, მოკლე დისტანციებზე არცთუ კარგი შედეგები მქონდა. ყაზანში, მოკლე აუზის ევროპის ჩემპიონატზე, კარგი დრო მქონდა. და იქიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ ყველაფერი მოსალოდნელი იყო“, - ამბობს ველბროკი.

გერმანელი ტოკიოს ოლიმპიადაზე, ღია წყალში 10 კილომეტრზე ოქროს მედალს დაეუფლა. ტოკიოშივე, მან დახურულ აუზში 1 500 მეტრზე ბრინჯაოს მოპოვებაც შეძლო.

ეს აბუ დაბის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე რეკორდია. უფრო ადრე, ქალთა შორის 200 მეტრზე თავისუფალ სტილში, მსოფლიო რეკორდი ჰონკონგელმა სიობან ჰაუგეიმ დაამყარა, ქალთა შორის 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში რეკორდი კანადელმა მარგარეტ მაკნილმა გააუმჯობესა, ქალთა შორის 4×50 მეტრზე შერეული სტილით ესტაფეტაში კი რეკორდს შვედები შესწვდნენ.

მედლების ჩათვლაში პირველი ადგილი შეერთებულ შტატებს აქვთ, რომლის მოცურავეებმაც ოქროს ცხრა მედალი (სულ 30) მოიპოვეს. მეორე ადგილზე კანადაა შვიდი ოქროს (სულ 15) მედლით. მესამე ადგილზე კი იტალია - ხუთი ოქრო და 16 მედალი.

0.115014