ავტოსპორტი

1:04 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიკ შუმახერი „ფერარის“ სარეზერვო პილოტი გახდა

ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილი მიკ შუმახერი, მომავალი სეზონიდან, „ფერარის“ სარეზერვო პილოტის როლსაც შეითავსებს. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატში კვლავ „ჰაასთან“ ერთად იასპარეზებს.

„ფერარის“ შეფ მატია ბინოტოს თქმით, შუმახერი რეზერვში 11 რბოლაში იქნება, დანარჩენ 12 რბოლაში კი ამ მოვალეობას იტალიელი ანტონიო ჯოვინაცი შეასრულებს. ჯოვინაციმ გასული სეზონის ბოლოს, „ალფა რომეოში“ ადგილი დაკარგა და ფორმულა E-ში გადაინაცვლა. ის „ფერარის“ რეზერვში იმ რბოლებში იქნება, რომლებიც ფორმულა E-ს რბოლებს არ დაემთხვევა.

„როცა ჯოვინაცი ჩვენთან ერთად, ტრეკზე იქნება, ის რეზერვში გვეყოლება. გარდა ამისა, იმავე მოვალეობას ჩვენს პარტნიორ გუნდებში, „ჰაასსა“ და „ალფა რომეოშიც“ შეასრულებს. დანარჩენ 11 რბოლაში კი ჩვენი სარეზერვო პილოტი მიკ შუმახერი იქნება“, - ამბობს ბინოტო.

ჯოვინცის გარდა, „ჰაასს“ საკუთარი სარეზერვო პილოტიც ჰყავს - პიეტრო ფიტიპალდი, ვინც 2020 წელს, ბაჰრეინში რომენ გროჟანის ცეცხლოვანი ავარიის შემდეგ, მისი ადგილი ორჯერ დაიკავა. რაც შეეხება „ალფა რომეოს“, მისი ძირითადი სარეზერვო პილოტი რობერტ კუბიცაა.

22 წლის შუმახერმა, გასულ სეზონში, თავისი ასევე დებიუტანტი ნიკიტა მაზეპინი დაჯაბნა, თუმცა აუტსაიდერ „ჰაასს“ ქულები ვერცერთმა მოუპოვა. ამერიკულმა გუნდმა მთელი თავისი რესურსი 2022 წლის სეზონისთვის მოსამზადებლად მიმართა.

0.1221