კალათბურთი

12:17 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

“ვერამ” ზედიზედ მე-6 მატჩი “დინამოსთან” მოიგო და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდა

სუპერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს. მართალია, დაკარგული ქულებით ვერა, მაგრამ საერთო ოდენობით “ვერას” ყველაზე მეტი ქულა აქვს. 7 მოგებითა და 2 მარცხით დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ ადგილზეა, რომელსაც 8 მატჩიდან 7 მოგებით კვალში “ქუთაისი” და თსუ უდგანან.

“ვერას” ქუთაისელთა შემდეგ მიმდინარე სეზონში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს. დღეს, მე-9 ტურის დასკვნით მატჩში ვერელები “დინამოს” დაუპირისპირდნენ და 101:92 (სტატისტიკა) იმარჯვეს. ეს გახლდათ მათი ზედიზედ მე-6 მოგება, რაც მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის სუპერლიგაში ბრწყინვალე შედეგია.

ვერელებს დინამოს დამარცხება მთლიანობაში არ გასჭირვებია. უბრალოდ, გასიტაშვილის გუნდს დრო დასჭირდა, სანამ მეტოქის თამაშს შესაბამის ტაქტიკას დაუპირისპირებდა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილმა დინამოელებმა პირველი პერიოდი 24:22 მოიგეს, მეორეში კი ლიდერობა ვერ განიმტკიცეს და დიდი შესვენებისთვის 3 ქულით ჩამორჩნენ.

მესამე პერიოდიდან ვერელთა უპირატესობა აშკარა გახდა. სწრაფი შეტევები, შორი სროლები და საიმედო დაცვა – ამ ყველაფერმა ის შედეგი მოიტანა, რომ “ვერა” მესამე პერიოდის მე-7 წუთზე 17 ქულით – 77:60 დაწინაურდა. ეს თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა დინამოელებმა გაიბრძოლეს და დარჩენილ დროში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს – 85:90 მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე. აქ კი ვერელებმა ისევ მოინდომეს – ბორის თორთლაძის 2 ორქულიანითა და და ზაკ ელიასის გარღვევით უპირატესობა კვლავ 10 ქულამდე გაზარდეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს.

გამარჯვებულებს 27 ქულითა და 12 მოხსნით ზაკ ელიასმა ულიდერა. 18 ქულა ობრი მაკალპინმა, ხოლო 16 – დარელ ბრაუნმა მიითვალა. დინამოელთაგან 26 ქულით საუკეთესო იყო ვლადიმერ თავაქარაშვილი. 23 ქულა დანტე ტომპსონმა მიითვალა.

“დინამოს” 8 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და ბოლო ადგილზეა, “ვერა” კი 9 მატჩიდან 7 მოგებით ცხრილის ლიდერია. შემდეგი ტურის მატჩები 4 ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში, 23, 24 და 25 დეკემბერს გაიმართება.

GBF.GE

0.127822