საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა სერბეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვების (4:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები იზრდება და სერბეთის დარ გუნდებს თანაბრად ეთამაშება.
„ფაქტია, რომ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს. ვფიქრობ, ბიჭებმა იმხელა გამოცდილება მიიღეს, რომ სერბეთის დარ გუნდებს ტოლს არაფერში ვუდებთ და მიმაჩნია, რომ ყველა ასპექტში ერთი-ერთში ვეთამაშებით. ფაქტია, გუნდი იზრდება და ევროპის ჩემპიონატი ხომ ამაში კიდევ უფრო დაგვეხმარება. ყველანაირი საფუძველია იმისთვის, რომ მუშაობა გავაგრძელოთ, რადგან ჩანს, რომ საქართველოში ფუტსალს დიდი პოტენციალი აქვს.
დიდი სკამი გვყავს, ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახე იმისთვის, რომ ამ ოთხ მატჩში ყველას მივცე სათამაშო დრო. მომდევნო ორ თამაშს აუცილებლად იმისთვის გამოვიყენებ, რომ ის ფეხბურთელები ვნახოთ საქმეში, რომელთაც სერბეთთან ძალიან ცოტა თამაში მოუწიათ“, - თქვა ასათიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 21 და 22 დეკემბერს, ყირგიზეთთან ორი ამხანაგური მატჩი კიდევ აქვს დაგეგმილი, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის, ბოსნიისა და ესპანეთის ნაკრებებს შეხვდება. ევრო 2022-ის ჯგუფურ ტურნირზე საქართველო 22-29 იანვარს ითამაშებს.