გორის „დილამ“ „გაგრას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი თამაზ მაქაცარია დაიმატა. 26 წლის თავდამსხმელმა შიდა ქართლელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო გორის „დილას“ ფეხბურთელი და დავიცვა მისი ღირსება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ვიმუშაო ისეთ მწვრთნელთან, როგორიც ანდრეი დემჩენკოა, შევეცდები გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი ამ კლუბისთვის და გორელი გულშემატკივრებისთვის“, - ციტირებს მაქაცარიას სიტყვებს „დილას“ ვებგვერდი.
მაქაცარიამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ „გაგრა“ ეროვნულ ლიგაში აღზევდა. მან გასულ სეზონში თავი 23-ჯერ გამოიჩინა და „მერანის“ ფეხბურთელ შეიკნე სილასთან ერთად ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
თამაზ მაქაცარიას სხვადასხვა დროს „ცხინვალის“, „დინამო ბათუმის“, „რუსთავის“, „სამტრედიას“, „სიონისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ რიგებში უთამაშია.