ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
89 კგ წონით კატეგორიაში 23 წლის ქართველმა 6 ცდიდან 5 გამოიყენა. ატაცში რეზიმ 165 168 და 171 კგ-ის დაფიქსირება მოახერხა და მცირე ვერცხლის მედალი მოიგო, რადგან მხოლოდ სომეხ ანდრანიკ კარაპეტიანს ჰქონდა უკეთესი შედეგი (175 კგ).
აკვრაში დავითაძემ 195 და 199 დაძლია, ხოლო 203 კგ ვერ დააფიქსირა და ამ დისციპლინაში მეშვიდე ადგილი ერგო. ორჭიდში მას 370 კგ დაუფიქსირდა, რაც საბოლოოდ, მესამე შედეგი აღმოჩნდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი ორჭიდში სამხრეთკორეელმა დონგჯუ იუმ (371 კგ) მოიპოვა, ვერცხლი კი უზბეკ სარვარბენ ზაფარჯონოვს ერგო (371 კგ).
აღსანიშნავია, რომ რეზი დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მესამედ მოიპოვა, რადგან 2018 და 2019 წლებშიც იგივე გააკეთა. მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ეს საქართველოს მეორე მედალია. მანამდე შოთა მიშველიძე ვერცხლის მედალს დაეუფლა. 14 დეკემბერს, ფიცარნაგზე ორი ქართველი ძალოსანი გავა ირაკლი გობეჯიშვილი და ანტონ პლესნოი.