ბლოგი

13:40 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორიას“ კიდევ ეს უნდოდა?

თქვენს წინაშე ფოტოზე წარმოდგენილი ჭაღარა, თმაგაჩეჩილი კაცი გენუის "სამპდორიას" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო ფერეროა. ყოფილი იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ ის გუნდის დირექტორთა საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და ამ გზით ხელი არ შეუშალა იტალიის პროკურატურის მიერ გუნდის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, "სამპდორიას" გადამრჩენელად სწორედ ეს კაცი მოიაზრებოდა. ყველაფერი კი იტალიური ფეხბურთისთვის ერთობ დანავსული სფეროდან - იტალიის კინომატოგრაფიდან დაიწყო...

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფლორენციის "ფიორენტინას" აწყოფილი პრეზიდენტი, ვიტორიო ჩეკი გორი იტალიის კინოცენტრის ხელმძღვანელად აირჩიეს, აშკარა იყო, რომ მის ხელში არც იტალიურ კინოს წაუვიდოდა საქმე კარგად და არც "იებს" დაადგებოდა კარგი დღე, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ ჰყავდა ვარსკვლავური შემადგენლობა. საბოლოო ჯამში "მოსახდენი" მაინც მოხდა და ჩეკი გორიმ იტალიური კინოც გააკოტრა, "ფიორენტინაც" მოაოხრა და ამის გამო, სამი წელი ფლორენციულ კლუბს რანგით დაბალ ლიგებში მოუწია ჯახირი. როგორც ჩანს, ბეჩავი "სამპდორიას" და მისი პრეზიდენტის ბედისწერაც იტალიურ კინოსთან გადაიკვეთა.

ამ სამიოდე წლის წინ, "სამპდორიას“ ქომაგები აღფრთოვანებულნი იყვნენ იმით, რომ მათი გუნდის პრეზიდენტმა საჯაროდ დადომ პირობა, კლუბში მსხვილ ინვესტორს შემოვიყვან და ისეთ მაგარ ფეხბურთელებს შევიძენ, აქამდე რომ ვერც კი წარმოგედგინათო. მასიმო ფერერომ ფული მართლაც მალე მოიძია და თან ეს ისე გააკეთა, რომ არაბი, ინდოელი, მექსიკელი, რუსი და პაკისტანელი ინვესტორის შემოყვანა არც დასჭირვებია. სულ მარტივად გააკეთა ყველაფერი - იტალიურ კინოცენტრში ბიუჯეტიდან გადარიცხული რამდენიმე მილიონი ევრო თავისი კლუბის ანგარიშზე გადაიტანა და ამ გზით დაძლია ფინანსური კრიზისი, რომელიც კორონა-პანდემიის დაწყებისას "სამპდორიაში" უკვე არსებობდა.

ეს ამბავი ცხადია შეუმჩნეველი არ დარჩენაით იქ, “ზემოთ“ და სენიორ მასიმოს შეუთვალეს: „რაც წაგიღია უკან დააბრუნე, თორემ ცულს მოვიტანთ ცუნცულასაო და ისე გიზამთ, სახლ-კარსაც გასაყიდს გაგიხდითო“. ფერერო როგორც ჩანს ნამეტანი ჯიუტი ვინმე ბრძანდება, რომელმაც ყურად არ იღო რჩევა და გაფრთხილებები - არც ფული დააბრუნა და იქით ერთი ამბავი ატეხა, იტალიის ხელისუფლებას "სამპდორიას" ჩაძირვა უნდა და მე კაცი არ ვიყო, ეს საქმე ბოლომდე თუ მივაყვანინოო.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იტალიელ სამართალდამცავებს ყელში ამოუვიდათ "სამპდორიას" პრეზიდენტის მაიმუნობა, პროკურატურამ გასცა მისი დაკავების სანქცია და აი ასე მარტივად აღმოჩნდა მასიმო ფერერო "ვირის აბანოში". სახელმწიფო ფერეროს სახელმწიფო სახსრების მიტაცება-გაფლანგვის გარდა, აფერისტობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშიც ედავება და თუ აპენინელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, პატივცემულ მასიმოს 3-დან 6 წლამდე ციხე ემექრება. ამას ისიც დაემატა, რომ მასიმო ფერერო თავისიანებმაც ადვილად გაწირეს. გუნდის დირექტორთა საბჭო შეიკრიბა და ეს ვირეშმაკა კაცი გამოძიების დაწყებისთანავე "სამპდორიას" პრეზიდენტობიდან გადააყენეს.

ფერერო იხტიბარს მაინც არ იტეხს და ამბობს, რომ მას შეთქმულება მოუწყვეს და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიგეგმა, რომ მრავალტანჯული გენიუს "სამპდორია" ერთხელ და სამუდამოდ აღგავონ პირისაგან მიწისა. ჰოდა, ისედაც აუტსაიდერად ქცეულ, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის კანდიდატ, ბედკრულ "სამპდორიას" კიდევ ეს უნდოდა?..

0.127571