კალათბურთი

10:22 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენმა 18 წუთში 9 სამქულიანი ჩააგდო და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდები დაამყარა (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში თად მაკფადენის „მურსიამ“ სტუმრად „ბურგოსი“ 102:84 დაამარცხა და საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელს ფანტასტიკური თამაში ჰქონდა.

მაკფადენმა მხოლოდ 18:32 წუთი ითამაშა, მაგრამ მაინც მოასწრო 29(!) ქულის დაგროვება, რასაც მან 2 მოხსნა და 4 პასი დაუმატა. თადმა 4-დან 1 ორქულიანი და 13-დან 9(!) სამქულიანი ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა.

მაკფადენი ქულებით და მარგი ქმედების კოეფიციენტი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და მატჩის MVP სრულიად დამსახურებულად გახდა. ვთქვათ ისიც, რომ თადი 2019-2021 წლებში „ბურგოსის“ ღირსებას იცავდა, ასე რომ, დიდებულად ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

მაკფადენმა ლიგა ენდესას რეკორდებიც დაამყარა პარკეტზე გატარებულ 20 წუთზე ნაკლები დროის მიხედვით.

მან 20 წუთზე ნაკლებ დროში 29 ქულა მიითვალა და 2016-2017 წლების სეზონში პაკო კრუსის დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 20 წუთზე ნაკლებ დროში (19:48) მაშინ 27 ქულა დააგროვა. ამასთან, თადმა ასევე 20 წუთზე ნაკლებ დროში სამქულიანების რეკორდიც დაამყარა - 9! აქამდე საუკეთესო შედეგი მარკუს ერიქსონს ჰქონდა, რომელმაც 8 სამქულიანი 19:35 წუთში ჩააგდო.

მხოლოდ 3 სამქულიანი დააკლდა ლიგა ენდესას ისტორიულ რეკორდამდე, რომელიც სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ნატურალიზებულ წევრს ეკუთვნის. 2013-2014 წლების სეზონში ჯეიკობ პულენმა 12 სამქულიანი ჩააგდო და ეს რეკორდია, რომლის გაუმჯობესებამდე მაკფადენს მხოლოდ 3 სამქულიანი დააკლდა.

„მურსია“ 8 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 დეკემბერს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

0.119828