იტალიის სერია A-ს მე-17 ტური გენუური დერბით დაიწყო, რომელშიც „სამპდორიამ“ „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
66-ე წუთზე „სამპამ“ მეტოქის კარი მესამედ დალაშქრა და ეს მანოლო გაბიადინიმ გააკეთა. გოლი თავდაპირველად გაუქმდა ფრანჩესკო კაპუტოს საეჭვო პოზიციის გამო. მთავარი მსაჯი VAR-ის ვერდიქტს დაელოდა. სწორედ ამ პაუზის დროს გაბიადინი „სამპდორიას“ მწვრთნელმა შეცვალა, ხოლო შეცვლიდან ერთ წუთში ვიდეორეფერის ვერდიქტი გახდა ცნობილი - გოლი ჩაითვალა.
ამრიგად, მანოლო გაბიადინიმ იზეიმა გოლი მაშინ, როცა მოედანზე უკვე დატოვებული ჰქონდა და სათადარიგო სკამზე იჯდა. საინტერესოა, რომ დარტყმის ეპიზოდში რიკოშეტი იყო და მოგვიანებით ეს გოლი „ჯენოას“ მცველ ზინო ვანჰაუსდენს ავტოგოლად ჩაეთვალა. ეს თავისთავად არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გაბიადინიმ, გოლი, რომელიც მის დარტყმას მოჰყვა სათადარიგო სკამიდან იზეიმა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ „ჯენოას“ 14-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და საქმეს ვერც ანდრეი შევჩენკო შველის, რომლის ხელმძღვანელობით გენუელების შედეგი კატასტროფულია - 0 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება და ერთადერთი გატანილი გოლი.