ავტოსპორტი

23:58 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინდი 500-ის ოთხგზის გამარჯვებული, ელ ანსერი გარდაიცვალა

ამერიკული მოტორსპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, ინდი 500-ის ოთხგზის გამარჯვებული ელ ანსერი 82 წლისა, ხანგრძლივი ავადმყოფობით გარდაიცვალა.

ანსერი 17 წლის წინათ კიბოთი დაავადდა და პერიოდულად, მისი მკურნალობა უწევდა. ის ჩამაში (ნიუ მექსიკო) ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა.

ანსერი რბოლისას მოთმინებით და გაწონასწორებულობით გამოირჩეოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაგრამ ინდი 500-ის ისტორიაში, რბოლის ყველაზე მეტ წრეს სწორედ ის ლიდერობდა. კერძოდ, პელოტონის სათავეში 644 წრე აქვს გავლილი. ამავე რბოლის სტარტზე 27-ჯერ გამოვიდა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ორ მრბოლს - ეი ჯეი ფოიტს (35 სტარტი) და მარიო ანდრეტის (29) ჩამორჩება.

ანსერმა ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლა 1970, 1971, 1978 და 1987 წლებში მოიგო. მის უფროს ძმას, ბობი ანსერს, ვინც ასევე წელს, მაისში გარდაიცვალა, ინდი 500 სამჯერ - 1968, 1975 და 1981 წლებში აქვს მოგებული. ისინი ინდი 500-ის ისტორიაში, ერთადერთი გამარჯვებული ძმები არიან.

53 წლის ანსერმა 1992 წლის ინდი 500 მესამე ადგილზე დაასრულა, გამარჯვება კი მისმა შვილმა, ელ ანსერ უმცროსმა მოიპოვა. ეს რბოლის ისტორიაში ერთადერთი მამა-შვილია, ვისაც რბოლა მოგებული აქვს. უმცროსმა ელმა ლეგენდარული რბოლა მეორედ 1994 წელს მოიგო და ანსერების მონაგარი, ბორგ უორნერის ცხრა თასამდე გაზარდა.

ელ ანსერმა ინდი 500-ზე პირველი გამარჯვება დიდი უპირატესობით მოიგო. ის 200-დან 190 წრის განმავლობაში ედგა პელოტონს სათავეში. სტარტიც პოულიდან აიღო და მეორე ადგილზე გასულ მარკ დონოჰიუს 32.19 წამით აჯობა.

ინდი კარის სერიაში, მას სულ 39 რბოლა აქვს მოგებული და სერიის ჩემპიონი სამჯერ (1970, 1983 და 1985 წლებში) გახდა.

0.153065