კალათბურთი

17:09 | 8.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაატა გურასპაულმა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა
გურასპაული მხარს ვიქტორ სანიკიძეს უჭერს, რომელიც ერთადერთი კანდიდატია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ის მხარს ვიქტორ სანიკიძეს უჭერს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია.

„კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა, რაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თითოეული წევრის მრავალწლიანი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომის შედეგია. სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგად მიღწეული წარმატებების საფუძველზე, სახელმწიფო ახორციელებს 100 მილიონი ლარის ინვესტიციას კალათბურთში, რაც წაადგება ჩვენს საერთო მიზნებს, კალათბურთის ხვალინდელ დღეს და რომლის გვირგვინი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ღირსეულად ჩატარება იქნება.

ჩვენ ვისაუბრეთ, უმეტეს შემთხვევაში განვითარებასთან დაკავშირებით საერთო ხედვები გვაქვს და გადავწყვიტეთ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგეთ ერთი გუნდით. იმ გუნდით, რომელსაც კალათბურთის სიმშვიდე, სიწყნარე და განვითარება უნდა. ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე. რაც შემეხება პირადად მე, ჩემთვის რომელიმე თანამდებობა არასდროს ყოფილა თვითმიზანი და იდეა ფიქსი. ვიყავი ყოველთვის კალათბურთის სამსახურში და ასეთად ვრჩები. ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად ამ ადამიანის გვერდით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანობა და ერთი მიზნისკენ სწრაფვა, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგვიტანს და ქვეყანა იამაყებს იმ სპორტის სახეობით, რომელსაც ჰქვია კალათბურთი.

ჩვენ ერთად უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ ქართულ კალათბურთს, ვიდრე ცალ-ცალკე მოვუტანდით. ჩემი გუნდი რჩება კალათბურთის ფედერაციაში, რა სახით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, არ მაქვს პრობლემა რიგით ჯარისკაცად ვემსახურო საქართველოს.

ფიბა-ს კრიტიკა ახალ დარბაზთან დაკავშირებით? არანაირ გადატანაზე საუბარი არ არის, უბრალოდ, გვინდოდა თებერვალში ჩაგვეტარებინა ამ დარბაზში თამაშები, მაგრამ არ ესწრება და როგორც ხელისუფლება, ისე მშენენებლები გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი დროულად მოესწრება და მესამე ფანჯრის დროს ზაფხულში ახალ დარბაზში სატესტო მატჩებს ჩავატარებთ“, - თქვა გურასპაულმა.

კომენტარი გააკეთა პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ქართული კალათბურთის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს.

„მადლობა პაატას, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, ყველა ვეტერანს, რომელთა დამსახურებით კალათბურთით ვამაყობთ. მადლობა შეთანხმებისთვის, რაც ჩვენი კალათბურთის უკეთეს ხვალინდელ დღეს უკავშირდება. სახელმწიფოს მადლობა, რომ უპრეცედენტო ინვესტიცია იდება ქართულ კალათბურთში. კალათბურთში არასდროს ყოფილა დაპირისპირება და არც იქნება, დღევანდელი დღეც იმის დასტურია, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყოველთვის ასე იქნება. ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი კალათბურთისთვის საჭირო საქმეები. წინ ევრობასკეტია, რომელიც უნდა იყოს სამაგალითო და ყველას უნდა დავანახოთ, თუ როგორ გვიყვარს საქართველოში კალათბურთი და უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ ევრობასკეტი“, - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება და ერთადერთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეა. აქვე გეტყვით, რომ პაატა გურასპაული ფედერაციის პრეზიდენტი 2017 წლის დეკემბრიდან იყო.

0.115725