სხვა

3:32 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯას ჰეთ-თრიკი ლეიკ ლუისში

კანადის სამთო კურორტ ლეიკ ლუისში ზედიზედ ორი დაშვების მოგების შემდეგ, იტალიელმა სოფია გოჯამ სუპერ გიგანტიც მოიგო. მან უკან მოიტოვა შვეიცარიელი მსოფლიო ჩემპიონი ლარა გუტ-ბერამი და ავსტრიელი მირიამ პუხნერი.

ლეიკ ლუისში ზედიზედ სამი ჩქაროსნული რბოლა აქამდე მხოლოდ ორ მოთხილამურეს - გერმანელ კატია ზაიცინგერს და ამერიკელ ლინდსი ვონს ჰქონდათ მოგებული. ამასთან, ვონმა ეს სამჯერ (2011, 2012 და 2015 წლებში) შეძლო. გოჯასთვის ეს სუპერ გიგანტში მოპოვებული მხოლოდ მეოთხე გამრჯვებაა. წინა მან სენტ მორიცში, 2019 წელს მოიგო.

29 წლის გოჯა დაშვებაში ოლიმპიური ჩემპიონია. სუპერ გიგანტში მან ფინიში წუთსა და 18.28 წამში გადაკვეთა და მხოლოდ 0.11 წამით აჯობა გუტ-ბერამის. მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა ამერიკელი მიკაელა შიფრინი, ვინც დაშვების რბოლები 26-ე და 38-ე ადგილებზე დაასრულა.

„მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება ამ სამიდან ალბათ ყველაზე გამორჩეულია. სტარტზევე მჯეროდა, რომ ეს შემეძლო. მაგრამ წინასწარ მაინც ვერაფერს იტყვი. როცა დაშვებიდან სუპერ გიგანტზე გადადიხარ, მოგება ყოველთვის ძნელია“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

ბივერ კრიკში (აშშ) მამაკაცთა შორის დაშვების რბოლა უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი ქარის გამო, შეჯიბრი არ ჩატარდა.

0.130932