„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს, ფეხბურთელები და კლუბი მას ენდობიან და გუნდი სწორი მიმართულებით მიდის.
„ვგრძნობ ფეხბურთელების და კლუბის მხარდაჭერას, ვიცით, საით მივდივარ. ჩვენ ამ პროცესის შუაში ვართ, ვაშენებთ გუნდს მოედანზე და გუნდის სტილი ყალიბდება. სწორი ბალანსის პოვნა გვჭირდება და ამას დრო სჭირდება. მოთამაშეებმა უნდა გაიცნონ ერთმანეთი და გაიგონ, რომ მთელი გუნდი ერთიანია და ერთი მიზნისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მშვიდად ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. არის აღმავლობაც და არის დაღმასვლაც. ჩვენი იდეები უნდა განვავითაროთ“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში დიდი შანსია, რომ პირველივე სტადიაზე ძლიერი მეტოქე შეხვდეს.