ტულის „არსენალის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი „ხიმკისთან“ (2:1) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა შემტევმა დანილ ხლუსევიჩი შეცვალა, ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი დაიკავა და ულამაზესი გოლიც გაიტანა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და მოხარულები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. კარგია, როცა გოლს იტან, მაგრამ გუნდის გამარჯვება ჩემთვის პირველ ადგილზე დგას.
დანილ ხლუსევიჩის არყოფნა? ყოველთვის რთულია, როცა ასეთი ფეხბურთელი არ თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ, კარგად ვითამაშე. მეორე ტაიმში ფლანგის შეცვლა? ბოჟოვიჩმა მითხრა, რომ ეს გამეკეთებინა. წინააღმდეგი არ ვიყავი, რადგან მარცხნივ თამაში ჩემთვის უფრო მოსახერხებელია“, - თქვა ზურიკომ.
დავითაშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა, აქედან ორი საქართველოს ნაკრებში (ბულგარეთთან და კოსოვოსთან), 4 კლუბში (3 პრემიერლიგაში „კრილია სოვეტოვთან“, „ზენიტთან“ და „ხიმკისთან“, ერთიც რუსეთის თასზე - ბრიანსკის დინამოსთან“). ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის პრემიერლიგის ერთ სეზონში 3 გოლი დავითაშვილმა კარიერაში პირველად გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე მესამე სეზონია თამაშობს.
„არსენალი“ სატურნირო ცხრილში 17 ტურის თავზე 19 ქულით მე-11 პოზიციაზეა და 11 დეკემბერს, მოსკოვში, ცსკა-ს ესტუმრება.