კალათბურთი

19:30 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს დირექტორი: "თბილისში მშენებარე დარბაზის მდგომარეობით შეშფოთებული ვართ"

საქართველოში FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრები იმყოფებიან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამ რანგის ვიზიტს პირველად მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია FIBA ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის წევრები.

ფიბას წარმომადგენლები საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ, გარდა ამისა, თბილისში მშენებარე დარბაზიც მოინახულეს. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა ადგილზე იხილეს სამუშაო პროცესი და გაეცვნენ დარბაზის მშენებლობის დასრულების დეტალურ გეგმას.

აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი დარბაზის მშენებლობის მიმდინარეობით უკმაყოფილოა და მან ეს არც დამალა. როგორც ნოვაკმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზის გახსნა საჭირო ვადებში მოესწროს.

„ახლახანს დავბრუნდით პრემიერმინისტრთან შეხვედრიდან. დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროგრესი ვნახეთ. აქ ბოლოს აპრილში ვიყავით, მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ დღეის მდგომარეობით მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროულად დამთავრდეს. ამ დროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს სამუშაოები.

როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალისტურია. ამიტომ, ახლა მიზანი უნდა იყოს, რომ ივნის-ივლისის ფანჯრისთვის მაინც ყველაფერი მზად იყოს და აქ თამაში შევძლოთ, ის მატჩები სატესტოდ გამოვიყენოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაც ახლა ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“, - თქვა კამილ ნოვაკმა.

შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ზოგადად, ის 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიწია. თბილისი ერთ-ერთ ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს, ხოლო დარბაზი 10 000 მაყურებელს დაიტევს.

0.12838