ფეხბურთი

17:42 | 4.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად თავს არ ვგრძნობ და არც მარადონასთან გამივლია პარალელი"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ თავს ისტორიაში საუკეთესოდ არ მიიჩნევს. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, მისი მიზანი არა სხვების დაჯაბნა, არამედ საკუთარი თავის გაუმჯობესება იყო.

მესიმ ასევე ისაუბრა დიეგო მარადონაზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარზე:

„არასდროს მითქვას, რომ ისტორიაში საუკეთესო ვარ, არც ვაპირებ ამ აზრის მიღებას. ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოობაც საკმარისია, ეს არის ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

მარადონასთვის ჩემი თავი არასდროს შემიდარებია, აბსოლუტურად, არასდროს მიმიქცევია ყურადღება ამ შედარებისთვის. წარსულში ნაკრებში ცუდი მომენტების შემდეგ გარკვეული კრიტიკა მაწუხებდა, მაგრამ მიზეზი მარადონასთან შედარება არ ყოფილა.

რონალდუ? ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავისთვის მეჯობნა და არ შემეხედა რას აკეთებდნენ სხვები. კრიშტიანუს ოპონენტი წლების განმავლობაში ლა ლიგაში ვიყავი, ეს მშვენიერი პერიოდი იყო და ძალიან დაგვეხმარა, რომ ჩვენს კარიერაში გავზრდილიყავით. თუმცა, ისე რომ ერთმანეთს არ ვუყურებდით, ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავისთვის მეჯობნა, რომ უკეთესი გავმხდარიყავი, მაგრამ არა სხვაზე უკეთესი.

პსჟ-ში 10 ნომერი ნეიმარის იყო. მე გუნდში ახლახან მივედი და შესანიშნავი ჟესტი გახლდათ, რომ ნომერს მითმობდა, ჩვენ ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ დავმეგობრდით, მაგრამ უფრო სწორი იყო, რომ 10 ნომერი მას დარჩენოდა“, - აღნიშნა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან ცოტა ხნის წინ კარიერაში მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიგო.

0.114121