სხვა

0:30 | 3.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლეკსანდრ უსიკი ტაისონ ფიურისთან შესახვედრად მზადაა

...ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ენტონი ჯოშუა უკრაინელთან მატჩ რევანშს გადადებს და WBC-ს ჩემპიონთან დაპირისპირების საშუალებას მისცემს.

ამჟამად მძიმე წონაში ყველა პრესტიჟული გაერთიანების ტიტული სწორედ ამ ორი მოკრივის ხელთაა. ჯოშუას ძლევის შემდეგ, უსიკმა WBA-ის, WBO-ის და IBF-ის ტიტულები მოიპოვა. ფიურისთან მისი შეხვედრის შემთხვევაში, ერთ-ერთი მოკრივე ყველა პრესტიჟულ სარტყელს თავის ხელში გააერთიანებს.

კონტრაქტის შესაბამისად, უსიკი ვალდებულია, ჯოშუას რევანშის საშუალება მისცეს. მათი მეორე შეხვედრა 2022 წელს გაიმართება. როდის და სად, ეს ჯერ შეთანხმებული არაა. ამასთან, უკრაინელი მზადაა, თუ ჯოშუა ცოტას მოიცდის, ფიურის შეხვდეს. სხვათა შორის, ფიურის და ჯოშუას შეხვედრა პრაქტიკულად გაჩარხული იყო, მაგრამ დეონტეი უაილდერმა ფიურისთან კონტრაქტით კუთვნილი რემატჩი მოითხოვა. სანამ ისინი შეხვდებოდნენ, ჯოშუამ უსიკთან „მოთელვა“ გადაწყვიტა, მაგრამ ხახამშრალი დარჩა. ფიურიმ კი თავისი ტიტული დაიცვა და ახლა შესაფერის მეტოქეს ეძებს.

უსიკის პრომოუტერი ალექსანდერ კრასიუკი ამბობს, რომ ჯოშუასთან რემატჩის გადადებაზე მოლაპარაკება მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ფიურიმ უაილდერი დაამარცხა. მისი თქმით, შესაფერისი თანხის გადახდის შემთხვევაში, ჯოშუა უარს არ იტყვის. მითუმეტეს, ბრიტანელს სურს, რომ მძიმე წონაში ერთი ჩემპიონი იყოს, რომელთან შეხვედრის საშუალებაც თავადაც ექნება.

სხვათა შორის, ახლახანს ჯოშუამ განაცხადა, რომ უსიკის და ფიურის შეხვედრას წინ არ აღუდგება. და ამას ფულისთვის არ გააკეთებს. მისგან განსხვავებით, პრომოუტერი ედი ჰერნი ასეთ სცენარს ნაკლებად მოსალოდნელად მიიჩნევს.

0.130936