„დინამო თბილისი“ ჯანო ანანიძემ დატოვა და ქართველმა ფეხბურთელმა ამის მიზეზებზე სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.
ანანიძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას მხოლოდ ტელეფონით აცნობეს, რაც მისთვის მიუღებელია. ჯანომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მას პირადად კახა ცხადაძე არ შეეხმიანა, რის გამოც გულდაწყვეტილია და ისიც აღნიშნა, რომ ქართულ კლუბებში მენეჯმენტი პრობლემაა და ეს ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის.
„საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წერილი და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის მეთქვა „დონამოდან“ წამოსვლის მიზეზისა და იმ ფორმის შესახებ, როგორც ჩვენი განშორება მოხდა. საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, ჩემი წამოსვლის მიზეზი ფინანსური უკმაყოფილებ გახდა, ეს არის მცდარი ინფორმაცია და ჩემმა გულშემატკივარმა სიმართლე უნდა იცოდეს. ამიტომ, მსურს გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირადი საუბრისას.
ჩემთვის გასაკვირი იყო ისიც, რომ დამირეკა „დინამოს“ ერთმა ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც მრავალი წელია ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ვიცნობ. გული დამწყდა იმაზე, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე დიდ პატივს ვცემდი, როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას. ვფიქრობ, რომ არც კლუბისგან და მითუმეტეს არც „დინამოს“ მთავარი მწვრთნელისგან არ ვიმსახურებდი ასეთ დამოკიდებულებას, რადგან მის ნათქვამს ჩემთვის გაცილებით მეტი წონა ექნებოდა და გაცილებით გასაგები იქნებოდა, ვიდრე კლუბის ნებისმიერი სხვა ხელმძღვანელისას.
მოკლედ, კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სატელეფონი საუბრისას მითხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. მიზეზად კი ის დაასახელა. რომ ჩემი ტრავმის გამო ვერ გარისკავდა ჩემთან შემდგომ თანამშრომლობას. არადა, საქმე ისაა, რომ ოპერაციისა და პანდემიისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ასე კარგად თავი არასდროს მიგვრძნია და სწორედ ამიტომ, „დინამოს“ მიმართ ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ შეკრებაზე ჩემივე ხარჯით წავსულიყავი, სადაც საწვრთნელ პროცესში ყველაფერს ჩავდებდი. თუკი, ამის შემდეგ არ შემექმებოდა მუხლის ან რაიმე სხვა ტრავმით გამოწვეული პრობლემა და შესაბამისად დავიბრუნებდი ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, მაშინ ვისაუბრებდით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობაზე. თუმცა, განხორციელებულ სატელეფონო საუბარში სულ სხვა პასუხი მივიღე. ასე, რომ საქმე ფინანსებს საერთოდ არ ეხება და ნურავინ შეეცდება მიზეზი მატერიალურ მხარეში ეძიოს.
ზოგადად, ვიტყვი, რომ კლუბების ხელმძღვანელთა და მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად ნამდვილად არ გამოირჩევა საფეხბურთო ცოდნით, გემოვნებით და მენეჯერული თვისებებით, ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულება ვერც რომელიმე კლუბს და მითუმეტეს, ვერც ქართულ ფეხბურთს განავითარებს. სამწუხაროა, რომ ქართული კლუბების მენეჯმენტში ასეთი რეალობაა. რეალობა, რომელზეც ნათლად მეტყველებს შედეგები. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან როცა ვსაუბრობთ განვითარებაზე, განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს. ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებით, საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება“, - დაწერა ჯანომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძემ „დინამო თბილისის“ მაისურით მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკში“, „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვსა“ და „ანორთოსისში“ უმუშავია.