ფეხბურთი

13:12 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "იუვენტუსის" მოთამაშეებმა შედეგზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ"

სერია A-ს მე-15 ტურში ტურინის "იუვენტუსი" სტუმრად "სალერნიტანას" შეხვდა და პაულო დიბალასა და ალვარო მორატას გოლებით 2:0 იმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლი ჯორჯო კიელინიმაც გაიტანა, თუმცა, ვიდეოგამეორებისას აღმოჩნდა, რომ თამაშგარე იყო.

მატჩის შემდგომ 37 წლის მცველმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა კლუბის მიმართთ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"იუვენტუსის" მოთამაშეებმა უნდა იგრძნონ შედეგზე პასუხისმგებლობა, ამიტომ ყოველგვარი შეცდომა ახლა უნდა გამოვრიცხოთ. თითოეულ თამაშს ინტელექტით და შედეგზე ორიენტირებული უნდა მივუდგეთ. "იუვენტუსმა" თითოეულ ჩვენგანს კარიერაში ბევრი რამ მოგვცა, ამიტომ დროა ჩვენც დავუფასოთ. ამისათვის, უნდა ვიყოთ ერთიანები და შევეცადოთ სიტუაციიდან პოზიტიური ბალანსით გამოვიდეთ.

ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში საკუთარი პატარა მიზნები აქვთ, მაგრამ რაც შეეხება კლუბს, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები საერთო სიკეთისთვის. ახლა მთავარი ამოცანა შობამდე ღირსეული ფეხბურთის ჩვენებაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ", - თქვა კიელინიმ.

"იუვენტუსს" 24 ქულა დაუგროვდა და მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას მასიმილიანო ალეგრის გუნდი 5 დეკემბერს, შინ, "ჯენოას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.11594