ბერგამოს „ატალანტამ“ მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა და გამოცდილი სპეციალისტი „ლა დეას“ 2024 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
ინფორმაცია „ატალანტას“ გენერალურმა დირექტორმა ლუკა პერკასიმ „ვენეციასთან“ (4:0) მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში გააჟღერა:
„გასპერინისთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და დღეს საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ის კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით განახლება“, - თქვა პერკასიმ.
ეს ინფორმაცია მატჩის მერე თვითონ იტალიელმა მწვრთნელმაც დაადასტურა და ამრიგად, გასპერინი ბერგამოულ გუნდში მუშაობას გააგრძელებს.
ჯან პიერო გასპერინიმ „ატალანტა“ 2016 წელს ჩაიბარა და შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მან მოკრძალებული იტალიური კლუბი ჯერ ევროპა ლიგაზე გაიყვანა, შემდეგ იტალიის თასის ფინალში, ხოლო ბოლო სამი სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც 2019-2020 წლების სეზონში მეოთხედფინალშიც ითამაშა.