„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს გამარჯვება კოპა ამერიკის დამსახურებაა და სხვა წლებთან შედარებით, როცა რაღაც აკლდა, ახლა თავს განსხვავებულად გრძნობს, რადგან არგენტინის ნაკრებში მოგებული ტიტულით ოცნება აისრულა.
მესიმ რობერტ ლევანდოვსკის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ოქროს ბურთი“ მასაც უნდა გადაეცეს.
„დღეს აქ ვარ, პარიზში და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მინდა ბრძოლა გავაგრძელო და მიზნებს მივაღწიო. არ ვიცი რამდენი წელი ვითამაშებ, მაგრამ მინდა ეს დიდხანს გაგრძელდეს, რადგან თამაში ძალიან მსიამოვნებს. მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს „ბარსელონადან“, პსჟ-დან და არგენტინის ნაკრებიდან.
მინდა ლევანდოვსკის მივმართავ: შენ იმსახურებ „ოქროს ბურთს“. ყველა თანხმდება, რომ შარშან ამ ჯილდოს გამარჯვებული იყავი. ვფიქრობ, France Football-მა უნდა მოგცეს შენი ბურთი, რადგან სახლში უნდა გქონდეს.
როდესაც ამ ჯილდოს სხვა დროს ვიგებდი, ვფიქრობდი, რომ რაღაც მაკლდა, ამჯერად მოვახერხე ოცნების ასრულება ამდენი იმედგაცრუების შემდეგ და მოვიგეთ თასი, რომლის მოგება ყოველთვის მინდოდა. აქ კოპა ამერიკის წყალობით ვარ და ამ ჯილდოს ვუზიარებ ყველა ჩემს თანაგუნდელს. ეს საღამო ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან აქ მთელი ოჯახით ვარ“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ კარიერაში მეშვიდედ მოიგო, 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019 და 2021 წლებში.