"სპორტინგის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუის ნანი ამჟამინდელ კლუბს ტოვებს. "ორლანდო სიტის" ხელმძღვანელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივეს და ნანი ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ამის შესახებ პორტუგალიელმა ინსტაგრამზე თავად განაცხადა.
"ყველაფერ კარგს აქვს დასასრული. 3 საოცარი სეზონის შემდეგ, ახალი მეგობრობითა და სპორტული წარმატებებით სავსე, მე ვტოვებ „ორლანდოს“. ეს არის ქალაქი, რომელსაც შემიძლია ვუწოდო სახლი, კარგი ხალხით და ფანტასტიკური მხარდამჭერებით, მაგრამ ჩემი კონტრაქტი დასრულდა. კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს იგი. დიდი პატივი იყო კლუბის კაპიტნობა მისი პირველი პლეი-ოფის მატჩებში. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მეხმარებოდნენ ფანები მე და ჩემს ოჯახს ფლორიდაში ჩასვლის მომენტიდან. ჩემი სახით გეყოლებათ მეგობარი და დიდი გულშემატკივარი. გუნდს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", - დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
2,5 წლის განმავლობაში ნანიმ "ორლანდო სიტიში" 77 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 28 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.