იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრა უარყოფითად შეაფასა. როგორც ევროპის მოქმედი ჩემპიონის თავკაცმა აღნიშნა, იტალიასაც სურდა პორტუგალიის თავიდან არიდება და პორტუგალიასაც არ სურდა იტალიასთან თამაში.
„ეს არ არის იდეალური წილისყრა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. როგორც ჩვენ, ისე პორტუგალიას, ჯერ ნახევარფინალი გვაქვს მოსაგები. ეს მშრალი მატჩებია, რომელსაც სირთულეები ყოველთვის ახლავს.
ყოველთვის თავდაჯერებულები და პოზიტიურები ვართ. ჩრდილოეთ მაკედონიამ შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა, კარგად უნდა ვითამაშოთ და მერე ვნახოთ რა მოხდება ფინალში. როგორც ჩვენ გვინდოდა პორტუგალიის თავიდან აცილება, ასევე პორტუგალიაც სიამოვნებით მოერიდებოდა იტალიას.
ჟოაო პედროს ნატურალიზაცია? ჯერ არ გვისაუბრია, ვნახავთ და შევაფასებთ სიტუაციას. კარგი ფეხბურთელები გვყავს, ჟოაო პედროც შესანიშნავი თავდამსხმელია, მაგრამ არ დავივიწყოთ რა გააკეთეს ამ ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე. ვინ დაარტყამს მომდევნო პენალტს? იმედი მაქვს, რომ დაგვინიშნავენ და შემდეგ ვიპოვით ვინმეს, ვინც დაარტყამს“, - თქვა მანჩინიმ Rai Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები 24 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიას ნახევარფინალში უმასპინძლებს, იმავე დღეს პორტუგალია თურქეთს დაუხვდება და ამ წყვილებში გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან, რომლის მასპინძელი 29 მარტს პორტუგალია-თურქეთის წყვილში გამარჯვებული იქნება. ხსენებული ოთხეულიდან მუნდიალზე ერთი გავა - ფინალის გამარჯვებული.