უეფას კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ლონდონის „ტოტენჰემი“ სენსაციურად სლოვენიურ „მურასთან“ 1:2 დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი ძალიან გაირთულა.
ეს იყო პირველი მარცხი ანტონიო კონტესთვის მას შემდეგ, რაც „ტოტენჰემი“ ჩაიბარა და იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ყველა თვალსაზრისით ცუდად ვითამაშეთ. არა მხოლოდ ტექნიკურ-ტაქტიკურ დონეზე, არამედ მენტალურადაც ცუდი თამაში გვქონდა. მინდა და უნდა ვიყო გულწრფელი: გუნდს მომატებისთვის და კონკურენტუნარიანობისთვის დრო დასჭირდება. ერთიანები უნდა ვიყოთ და ვიმუშაოთ.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვიცით, რომ ლოდინი საჭიროა. შეიძლება ამ გზაზე შეცდომებიც იყოს. მივიღე ეს სამუშაო და ვიცოდი, რომ ჩემი კარიერისთვის დიდი გამოწვევა იქნებოდა. ჩემი და ჩემი პერსონალის მიზანია „ტოტენჰემის“ განვითარება, მაგრამ დახმარება გვჭირდება და გულშემატკივრებმა უნდა მოითმინონ“, - თქვა კონტემ.
„ტოტენჰემი“ შესაძლოა კონფერენს ლიგის G ჯგუფში ჩარჩეს, რადგან ბოლო ტურის წინ 11 ქულით „რენმა“ პირველი ადგილი უკვე გაინაღდა. კონტეს გუნდს და არნემის „ვიტესს“ 7-7 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ბოლო ტურში „ტოტენჰემი“ „რენს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვიტესი“ „მურას“ უმასპინძლებს. ვთქვათ ისიც, რომ თანაბარ ქულებზე ბურთების შეფარდების დათვლა გახდება საჭირო, რადგან ინგლისელებმა არნემელებს შინ 3:2 მოუგეს, მაგრამ სტუმრად 0:1 წააგეს.