კალათბურთი

23:05 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში "ბაიერნთან"

ევროლიგის მე-12 ტურში მოსკოვის ცსკა-მ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 77:74 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და მისი გმირი ვილ კლაიბერნი იყო, რომელმაც ბოლო ორ წუთში 10 ქულა მიითვალა და მათ შორის, ცსკა-ს უკანასკნელი 4 გადამწყვეტი ქულაც მის აქტივშია.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ „ბაიერნი“ 9-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა და მარცხი განიცადა.

თორნიკე შენგელიამ 31:42 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რითაც თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ვილ კლაიბერნს ჩამორჩა (22).

აღსანიშნავია, რომ შენგელია ამ თამაშის შემდეგ ჩარტერული რეისით თბილისში გამოფრინდება და 26 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მატჩში დაეხმარება.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 7 მოგების საპირწონედ 5 წაგება აქვს და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 დეკემბერს, ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.

0.063589