ფეხბურთი

2:09 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

+5 მერვედფინალისტი: "დორტმუნდი" ჯგუფში ჩარჩა, "მილანს" შანსი გაუჩნდა

ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტური დასრულდა და მერვედფინალისტთა რაოდენობა გაიზარდა. „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ ჟერმენი“, „რეალი“ და „სპორტინგი“ პლეი-ოფში გავიდნენ და A, C და D ჯგუფებში ინტრიგა ბოლომდე გაქრა, მხოლოდ B ჯგუფშია ბოლო ტურის წინ ბრძოლა, ისიც მეორე ადგილისთვის.

A ჯგუფი

„მანჩესტერ სიტიმ“ A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა კონკურენტ „პარი სენ ჟერმენს“ 2:1 მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა. მერე რაჰიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟესუსმა ინგლისელებს მოაგებინეს და ყველაფერი ცხადი გახდა.

„მანჩესტერ სიტის“ 12 ქულა აქვს და პირველ პოზიციაში ვერავინ შეეცილება, ხოლო პსჟ 8 ქულით მერვედფინალშია, თუმცა მეორე ადგილით. „ლაიფციგმა“ სტუმრად „ბრიუგე“ 5:0 გაანადგურა და ევროპა ლიგის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამდენივე ქულა აქვს „ბრიუგეს“, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას გერმანელები ფლობენ.

„მანჩესტერ სიტი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 მბაპე (50), 1:1 სტერლინგი (63), 2:1 გაბრიელ ჟესუსი (76)

„ბრიუგე“ – „ლაიფციგი“ 0:5 (0:4)

გოლები: 0:1 ნკუნკუ (12), 0:2 ფორსბერგი (17, პენ), 0:3 სილვა (26), 0:4 ფორსბერგი (45), 0:5 ნკუნკუ (90)

1. მანჩესტერ სიტი 5 4 0 1 17 8 9 12
2. პარი სენ ჟერმენი 5 2 2 1 9 7 2 8
3. ლაიფციგი 5 1 1 3 13 13 0 4
4. ბრიუგე 5 1 1 3 5 16 -11 4

B ჯგუფი

„მილანს“ ოთხი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა ჰქონდა, მაგრამ ახლა ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფთან. სტეფანო პიოლის გუნდი მადრიდში, „ატლეტიკოს“ ესტუმრა და ჟუნიორ მესიასის 87-ე წუთზე გატანილი გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გარდა იმისა, რომ „როსონერიმ“ 2013 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი მოიგო, ახლა ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსიც გაიჩინა.

პარალელურად, უმოტივაციო „ლივერპულმა“ „პორტუს“ 2:0 მოუგო და ამით იტალიური გრანდის საქმე გააკეთა. სატურნირო ცხრილში ძალზე საინტერესო ვითარებაა:

„ლივერპული“ 15 ქულით და პირველი ადგილით უკვე მერვედფინალშია, ხოლო „პორტუს“ 5 ქულა აქვს, „მილანსა“ და „ატლეტიკოს“ – 4-4. ბოლო ტურში „მილანი“ უმოტივაციო „ლივერპულს“ მასპინძლობს და „პორტუ“ „ატლეტიკოს“. ყველაფერი პორტუგალიელთა ხელთაა, რადგან თუ მოიგებენ, უცილობლივ მეორე ადგილი ერგებათ, მაგრამ უშანსოდ არც „მილანია“ და არც „ატლეტიკო“. ზოგადად, ბევრნაირად შეიძლება განვითარდეს ბოლო ტურში მოვლენები და უმჯობესია 7 დეკემბერს დაველოდოთ, როცა ეს მატჩები გაიმართება.

„ლივერპული“ – „პორტუ“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (52), 2:0 სალაჰი (70)

„ატლეტიკო“ – „მილანი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მესიასი (87)

1. ლივერპული 5 5 0 0 15 5 10 15
2. პორტუ 5 1 2 2 3 8 -5 5
3. მილანი 5 1 1 3 5 7 -2 4
4. ატლეტიკო 5 1 1 3 4 7 -3 4

C ჯგუფი

„დორტმუნდი“ ჯგუფში ჩარჩა. ორი ტურის შემდეგ გერმანულ გუნდს 6 ქულა ჰქონდა და ვინ წარმოიდგენდა, რომ ბოლო ტურის წინ პლეი-ოფის შანსი აღარ ექნებოდა. თუმცა, ერლინგ ჰოლანდის გარეშე „დორტმუნდი“ ისეთი საშიში არ არის, როგორც მასთან ერთად. თანაც, ლისაბონის „სპორტინგი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

ლისაბონში, პორტუგალიელებმა „ბორუსიას“ 3:1 მოუგეს და 9 ქულა დააგროვეს. „დორტმუნდს“ 6 ქულა აქვს და ბოლო ტურში ქულებით რომც გაუთანაბრდეს, „სპორტინგი“ მერვედფინალშია, რადგან „დორტმუნდს“ ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის - 3:1, 0:1. ამრიგად, „ბორუსია“ ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო პორტუგალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე რჩება.

ამ ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს და პირველი ადგილიც განაღდებული აქვს ლაღ „აიაქსს“, რომელმაც უქულო „ბეშიქთაში“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. დუბლი შეასრულა სებასტიან ალემ, რომელსაც უკვე 9 გოლი აქვს გატანილი და რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ალეს ამ სეზონამდე ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს ეთამაშა და რეკორდი დაამყარა: საწყის ხუთ მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და ასეთი შედეგიანობით ჩემპიონთა ლიგაზე არავის დაუწყია. ალემ ერლინგ ჰოლანდის რეკორდი მოხსნა, რომელმაც ორი წლის წინ 5 მატჩში თავი რვაჯერ გამოიჩინა.

„სპორტინგი“ – „დორტმუნდი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 პედრო გონსალვეში (30), 2:0 პედრო გონსალვეში (39), 3:0 პორო (81), 3:1 მალენი (90)

„ბეშიქთაში“ – „აიაქსი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 გეძალი (22), 1:1 ალე (54), 1:2 ალე (69)

1. აიაქსი 5 5 0 0 16 3 13 15
2. სპორტინგი 5 3 0 2 12 8 4 9
3. დორტმუნდი 5 2 0 3 5 11 -6 6
4. ბეშითქაში 5 0 0 5 3 14 -11 0

D ჯგუფი

როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდის „რეალი“ და მილანის „ინტერი“ მერვედფინალში გავიდნენ. ტირასპოლის „შერიფი“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერი იყო, მაგრამ მოლდოველთა ზღაპარი წარსულს ჩაბარდა და იური ვერნიდუბის გუნდი ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

„რეალმა“ „შერიფთან“ მადრიდში ორი თვის წინ სენსაციური მარცხი განიცადა, მაგრამ მეორედ იგივე სასწაული არ მოხდა და „სამეფო კლუბმა“ ტირასპოლში დამაჯერებლად 3:0 მოიგო და ჯგუფიდან გავიდა.

არ გასჭირვებია არც მილანის „ინტერს“, რომელმაც ედინ ჯეკოს დუბლით დონეცკის „შახტარს“ 2:0 მოუგო და 2012 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს.

„რეალი“ ორი ქულით უსწრებს „ინტერს“ და პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა, როცა ეს გუნდები მადრიდში დაუპირისპირდებიან. „შერიფმა“ კი საპატიო მესამე ადგილი უკვე დაიბევა და „შახტარი“ ევროსარბიელს მიღმა დარჩა.

„შერიფი“ – „რეალი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ალაბა (30), 0:2 კროოსი (45), 0:3 ბენზემა (56)

„ინტერი“ – „შახტარი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჯეკო (61), 2:0 ჯეკო (67)

1. რეალი 5 4 0 1 12 3 9 12
2. ინტერი 5 3 1 1 8 3 5 10
3. შერიფი 5 2 0 3 6 10 -4 6
4. შახტარი 5 0 1 4 1 11 -10 1
0.214548