სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:01 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "მეორე გოლის შემდეგ დავნებდით, თუმცა გაბრაზებული არ ვარ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჩელსისთან“ მარცხის (0:4) შემდეგ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ოთხი გოლის გაშვება სამწუხაროა, მაგრამ გუნდს მიზნისთვის მიღწეული აქვს და პლეი-ოფში გასულია. გარდა ამისა, ალეგრი პირველი ტაიმით კმაყოფილიც დარჩა.

„კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. მეორე ტაიმში ისინი კარგ პრესინგს თამაშობდნენ, ჩვენ კი ორი გოლი ძალიან იოლად გავუშვით. პირველ ნახევარში მეტოქეს ძალიან ბევრი კუთხურის ჩაწოდების საშუალება მივეცით, უკეთ უნდა გვეთამაშა. ვწუხვარ ოთხი გაშვებული გოლის გამო, არც გაბრაზებული ვარ, რადგან მიზანი მიღწეულია და მერვედფინალში ვართ.

იყო მომენტები, როცა ბურთი ძალიან ხშირად დავკარგეთ, ბურთი უფრო მეტად უნდა შეგვენარჩუნებინა. პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეორე და მესამე გოლის შემდეგ დავნებდით. „ჩელსისთან“ შინ სხვანაირად ვითამაშეთ და დაცვაში 90 წუთი ყურადღებით ვიყავით, დღეს კი მხოლოდ 45 წუთი და შემდეგ დავნებდით. ახლა „ატალანტაზე“ უნდა ვიფიქროთ, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. სიმშვიდე გვჭირდება, ვიცით, რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ასეთი შეხვედრებიც კი დაგვეხმარება გაუმჯობესებაში“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ H ჯგუფში „იუვენტუსს“ და „ჩელსის“ 12-12 ქულა აქვთ, მაგრამ ლონდონელებს პირველ პოზიციაზე გასვლის უკეთესი შანსი აქვთ, რადგან ბურთების ბალანსიც უკეთესი გააჩნია და ურთიერთშეხვედრებშიც სჯაბნის კონკურენტს. აქვე ვთქვათ, რომ „იუვენტუსმა“ 2004 წლის თებერვლის შემდეგ პირველად წააგო 4-ბურთიანი სხვაობით (მაშინ „რომასთან“ ასევე 0:4).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122742