ფეხბურთი

19:05 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"კრაკოვიას" ახალი მწვრთნელი: "კაკაბაძე ჩემს გეგმებშია და შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს"
ოთარ კაკაბაძე: "გოლი სასიხარულოა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო"

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში „კრაკოვიამ“ ოთარ კაკაბაძის ულამაზესი გოლით „რაკოვი“ 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ „კრაკოვიამ“ მიმდინარე თვეში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და იაცეკ ზიელინსკის დებიუტი წარმატებული სწორედ ქართველი მცველის გოლით გამოდგა. ზიელინსკიმ კაკაბაძე თამაშში 61-ე წუთზე ჩართო და როგორც მატჩის შემდეგ აღნიშნა, მასზე დიდ იმედს ამყარებს.

„კაკაბაძე თავიდანვე ჩემს გეგმაში იყო. შეიძლებოდა ძირითადში ეთამაშა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში ორი თამაში 90 წუთი ითამაშა, მგზავრობაც მოუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ „რაკოვთან“ შეხვედრისთვის გუნდს ცოტა დაღლილი შეუერთდა. ჩემი აზრით, ის არის ფეხბურთელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - თქვა ზიელინსკიმ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ოთარმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უფრო ბედნიერი გამარჯვებითაა, ვიდრე გატანილი გოლის გამო:

„შესანიშნავი გრძნობაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მოვიგეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და გვჭირდებოდა. გამარჯვება დავიმსახურეთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პირველ ტაიმში მეტოქემ უკეთ ითამაშა, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ პირველი ტაიმისგან არ შედგება, მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ. გოლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ უფრო მეტად გამარჯვების გამო. ძველ მწვრთნელს მადლობას ვუხდი, პირველ რიგში მისი დამსახურებაა, რომ ახლა აქ ვარ. ახალი მწვრთნელი ყველა ფეხბურთელისთვის უფრო დიდი მოტივაციაა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ მწვრთნელთად ერთად პირველი თამაშის მოგება და კარგია, რომ გამარჯვებით დავიწყეთ. ახლა ზამთრის შესვენებამდე ოთხი თამაში დაგვრჩა და საჭიროა, რომ მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ და წინ ვიყურებით“, - აღნიშნა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ოთარ კაკაბაძეს ოთხ მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი. მას წინა მწვრთნელი თამაშის საშუალებას პრაქტიკულად არ აძლევდა და ახალი მწვრთნელის პერიოდში შესაძლოა ვითარება შეიცვალოს. „კრაკოვია“ 15 ტურის შემდეგ 20 ქულით მეათე ადგილზეა.

0.112659