მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს და ყველა ჩოგბურთელს, ვისაც ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში სურთ, კორონავირუსის წინააღმდეგ სრული ვაქცინცია მოუწევთ. ამის შესახებ ტურნირის შეფმა კრეიგ ტილიმ გამოაცხადა.
სერბ ჩოგბურთელს ნათქვამი აქვს, რომ თავისი ვაქცინაციის სტატუსის გამოქვეყნებას არ აპირებს და გადაწყვეტილებას, ითამაშებს თუ არა მელბურნში, მას შემდგ მიიღებს, რაც ტენის ავსტრალია ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლებს გამოაქვეყნებს.
„ნოვაკს ნათქვამი აქვს, რომ ეს პირადი საკითხია და მის გახმაურებას არ აპირებს. ჩვენ გაგვიხარდება, თუ მას ჩვენს ტურნირზე ვიხილავთ. მაგრამ მან იცის, რომ აქ სათამაშოდ, ვაქცინაცია მოუწევს“, - ამბობს ტილი.
ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ გამონაკლისის სახით, არავაქცინირებული ჩოგბურთელები ქვეყანაში დაიშვებიან, თუ ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. მაგრამ შტატ ვიქტორიას პრემიერმა დანიელ ენდრიუსმა ამასაც ხაზი გადაუსვა და განაცხადა, რომ არავაქცინირებულებისთვის, გამონაკლისები არ იქნება.
ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა ცხრაჯერ აქვს მოგებული. სულ კი მის ანგარიშზე, დიდი სლემის 20 ტიტულია. ამდნვე ტიტული აქვთ როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალსაც. ამათგან ფედერერი მელბურნში არ ითამაშებს, ნადალმა კი დაადასტურა, რომ ტურნირზე გამოსვლას აპირებს. შვეიცარიელიც და ესპანლიც სრულად არიან ვაქცინირებულები.
ტილი ამბობს, რომ ჩოგბურთელების 80 პროცენტი სრულად არის აცრილი და მათ მელბურნში თამაშის საშუალება მიეცემათ. ტურნირზე, რომელიც 17 იანვარს დაიწყება, მაყურებელი სრულად დაიშვება.