ამერიკელმა დემეტრიუს ანდრადემ, მანჩესტერში (ნიუ ჰემპშირი) გამართული ბრძოლის მეორე რაუნდში ნოკაუტი აგემა ირლანდიელ ჯეისონ ქვირგლის და კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) საშუალო წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
ანდრადემ მეტოქე პირველად პირველივე რაუნდში, მარჯვენა ჰუკით დასცა. მეორეში კი ცაცია აგემა და კიდევ ერთხელ დააგდო. ქვირგლიმ ათის დათვლამდე შეძლო წამოდგომა და ანდრადეს უკვე დაწყებული ზეიმი ჩაუშალა. მაგრამ ამერიკელმა იქვე მუშტების სეტყვა მიაყარა და რეფერი არტურ მერკანტე უმცროსმა ბრძოლა შეწყვიტა.
„მე ის გავაკეთე, რასაც დაგპირდით და თავს კარგად ვგრძნობ. ვინ არის შემდეგი? რა არის შემდეგი? ჯეიმი მუნგუიას ჩემთან შეხვედრა სურს. მე საუკეთესოებთან ბრძლები მწყურია. დამწკრივდით. ფანები ამ ბრძოლებს მოითხოვენ. მათ საუკეთესოს საუკეთესოსთან დაპირისპირების ხილვა სურთ“, - განაცხდა 33 წლის ანდრადემ, ვისაც პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული 31-ვე ბრძოლა მოგებული აქვს, მათ შორის, 19 ნოკაუტით.
ანდრადმ WBO-ის ტიტული 2018 წელს მოიპოვა და მას შემდეგ, უკვე მეხუთედ დაიცვა. ქვირგლიმ ამერიკელი შეინ მოსლი უმცროსის დამარცხების შემდეგ, ტიტულისთვის პირველად იბრძოლა და უკვე 2 წაგება აქვს (19 მოგებასთან).