ავტოსპორტი

21:45 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ყატარის რბოლას პოულიდან დაიწყებს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ყატარის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კვირის რბოლას პოულ პოზიციიდან დაიწყებს. მეორე ადგილს დასჯერდა ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი, ვინც პოულს თითქმის ნახევარი წამით ჩამორჩა. ჰამილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი ამჯერად მესამე დროს დასჯერდა.

მოქმედმა ჩემპიონმა პირველმა შეასრულა ბოლო სწრაფი წრე და ერთადერთმა შეძლო მისი წუთსა და 21 წამზე ნაკლებში გავლა. ჰამილტონის უპირატესობაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ მას ყველა სექტორში საუკეთესო დრო აქვს. საბოლოოდ, მან კარიერაში 102-ე პოულ პოზიცია მოიპოვა.

ტიტულის ორ მოცილეს შორის სხვაობა - 0.455 წამი, მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდია, რაც მშრალ ტრასაზე დაფიქსირებულა. და ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ჰამილტონს რბოლაშიც უპირატესობა ექნება. მითუმეტეს, ფერსტაპენმა დაიჩივლა, რომ მანქანას სიჩქარე არ ჰყოფნის. და ამის პარალელურად, მისმა თანაგუნდელმა სერხიო პერესმა ათეულში შესვლაც ვერ შეძლო.

ჰამილტონმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს და ხუთშაბათს მუცლის ტკივილი ჰქონდა და რბოლების წინ, შუაღამემდე ინჟინრებთან უწევდა მუშაობა. თუმცა კვალიფიკაციის წინ, ტკივილმაც გაუარა და კარგადაც გამოიძინა.

შესანიშნავად იასპარეზეს პიერ გასლიმ და ფერნანდო ალონსო, რომლებმაც შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. არადა, გასლის ჯერ კერბზე გავლისას, წინა ფრთა დაუზიანდა, მერე კი, ბოლო სწრაფი წრის დასრულებამდე, ბორბალი გაუსკდა, რის გამოც, სესიის მიწურულს, რბოლა ყვითელი ალმების რეჟიმში გადავიდა.

ყატარის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'20.827
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 0.455
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.651
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.813
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.843
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.904
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1.013
  8. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.054
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.201
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.958
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1.519
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.633
  13. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.636
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.770
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.929
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.329
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.386
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.435
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.580
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 5.032
0.178959