კალათბურთი

12:55 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "ლეიკერსს" ვერც ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებამ უშველა და დიდი ანგარიშით დამარცხდა (+VIDEO)

“ლოს ანჯელეს ლეიკერს“ ვერს ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებამ უშველა და მიჯრით მე-3 შეხვედრა წააგო. ფრენკ ვოგელის გუნდი სტუმრად „ბოსტონ სელტიკსს“ შეხვდა და 22-ქულიანი სხვაობით 130:108 დამარცხდა.

მთელი პირველი ტაიმი უპირატესობას ლოს ანჯელესელები ფლობდნენ, რომელიც 1-ქულიანი სხვაობით - 61:60 მოიგეს. თუმცა პირველ პერიოდში მოპოვებული 8-ქულიანი უპირატესობა ლებრონმა და კამპანიამ ვერ შეინარჩუნა და „სელტიკსმა“ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, რის შემდგომაც საგრძნობ უპირატესობას დაეუფლა. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ მე-3 და მე-4 პერიოდში „ლეიკერსმა“ წინ გასვლა ერთხელაც ვერ შეძლო.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა. „ბოსტონის“ 23 წლის ფორვარდმა 37 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი გამოიმუშავა და გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მეორე შედეგი კი მარკუს სმარტს ჰქონდა. 27 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა 22 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

წაგების მიუხედავად საუკეთესო სამეულში 2 ლეიკერსის კალათბურთელი იყო. ენტონი დევისმა გუნდს 31 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოუტანა, თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლებრონ ჯეიმსის დაბრუნება. 36 წლის ფორვარდმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო 8 შეხვედრა გამოტოვა და პარკეტს 23 ქულით, 6 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაუბრუნდა. მისი არ ყოფნის პერიოდში „ლეიკერსმა 3 შეხვედრა მოიგო, ხოლო 5 დათმო.

ამრიგად, ლებრონსა და კამპანიას 8 მოგების საპირისპიროდ 9 მარცხი აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 22 ნოემბერს „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ. „სელტიკსი“ კი 8-8 მოგება-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ასევე მე-9 ადგილზეა და 21 ნოემბერს „ოკლაჰომას“ შეხვდება.

0.117724