ავტოსპორტი

1:42 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ „მერსედესს“ აფრთხილებს

ბრაზილიაში, ლუის ჰამილტონის მიერ მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ, „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ „მერსედესი“ რაღაც არალეგალურს იყენებს. ოღონდ, ჯერ თავადაც არ იცის, რა შეიძლება იყოს ეს.

ინტერლაგოსზევე არსებობდა ეჭვი, რომ ჰამილტონის მაღალი სიჩქარის მთავარი მიზეზი, ძრავთან ერთად, უკანა ფრთა იყო. მაქს ფერსტაპენმა სწორედ ამის გამო „შეამოწმა“ ეს დეტალი, რისთვისაც ფულადი ჯარიმით დასაჯეს.

„გავაპროტესტებ, თუ არა? რა თქმა უნდა. თუ დარწმუნებული ვიქნებით, რომ მათი მანქანა არალეგალურია, მაშინ პროტესტს განვაცხადებთ. ის სიჩქარე, რაც მექსიკაში და განსაკუთრებით, ბრაზილიაში ვიხილეთ, არანორმალურია. გასაგებია, რომ ახალმა ძრავმა თავისი როლი შეასრულა, მაგრამ როცა სიჩქარეებს შორის სხვაობა 27 კმ/სთ-ს აღწევს და მარკირების ნიშნულებით ხედავთ, როგორ იდრიკება ფრთის დეტალები... ჩვენ ამ ეტაპზე, კონკრეტული კითხვები არ გვაქვს. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ FIA-ს, რათა მათი მანქანის რეგლამენტთან შესაბამისობაში დარწმუნდნენ“, - ყატარში გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა ჰორნერმა.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სიტუაციას. ბევრი რამ, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება აქ რბოლა. ჩვენ უკვე გავაანალიზეთ სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, სეზონის განმავლობაში, „მერსედესიც“ დაკვირვებით სწავლობს ჩვენს მანქანას. ფსონები მაღალია. ამიტომ საჭიროა, რომ ყველაფერი წესებს შეესაბამებოდეს“.

შემდეგ ჰორნერი „მერსედესის“ შეფ ტოტო ვოლფს მიუბრუნდა და ჰკითხა, ლეგალურია, თუ არა მათი მანქანა, რაზეც ავსტრიელმა უპასუხა: „ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე. როდესაც იბრძვი, მეტოქეს უპირატესობის მოპოვების საშუალება არ უნდა მისცე. ჩვენი მანქანის ფრთები ალბათ უკვე 14-ჯერ მაინც შეამოწმეს. FIA-ს მისი ყველა ნახაზი აქვს. იქ არაფერია ისეთი, რის პოვნასაც „რედ ბული“ აპირებს. სიამოვნებით მოვჭრით რომელიმე ფრთას და მათ მილტონ კინსში გავუგზავნით, რათა შეისწავლონ“.

ვოლფმა ის მიზეზიც განმარტა, რომლის გამოც, ჰამილტონს ბრაზილიაში კვალიფიკაციის შედეგი გაუუქმდა: „ჩვენ ფრთა ბაზაზე წავიღეთ და დაწვრილებით შევამოწმეთ. ის კვალიფიკაციის დროს დაზიანდა. ამიტომ იყო, რომ მარჯვენა მხარეს, ღრიჭო დასაშვებ 85 მილიმეტრზე ოდნავ მეტი იყო. მარცხნივ ყველაფერი წესრიგში იყო. და როგორც აღმოჩნდა, მარჯვნივ ორი ხრახნი მოშვებული იყო, რამაც ღრიჭოს მილიმეტრის ორი მეათედით გაზრდა გამოიწვია. ეს წრეზე დროის გაუმჯობესებას არ გამოიწვევდა. თუმცა ეს ისტორია უკვე წარსულში დარჩა“.

0.137633